მატრიცას ფანებო, ალბათ გახსოვთ, ფილმში მანქანები ადამიანების სხეულებს ინახავენ და ამით ენერგიას აწარმოებენ.

დიახ, მეცნიერებმა გამოიგონოს ტექნოლოგია, რისი გამოყენებითაც ადამიანის ორგანიზმს ბატარეების ჩანაცვლება შეეძლება. საუბარია სითბოზე, რომელიც ჩვენს სხეულშია, და მის ენერგიად გარდაქმნაზე.

რეალურად ეს არის ეკოლოგიურად სუფთა გაჯეტი, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. ის ადამიანის სხეულის სითბოს აგროვებს და მას ენერგიად გარდაქმნის. ფილმისგან განსხვავებით, ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოა და ადამიანს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანებს საათების და მსგავსი მოწყობილობების დატენვა სპეციალური სამაჯურებით და ბეჭდებით შეეძლებათ. სამაჯურებში და ბეჭდებში თერმოელექტრო ჩიპები იქნება ჩამონტაჟებული, რაც სითბოს ელექტრულ ენერგიად აქცევს.

"თერმოელექტრული მოწყობილობები უწყვეტი ენერგიის მიწოდების წყაროა და სავარაუდოდ ბატარეებს ჩაანაცვლებენ. ვიმედოვნებთ, რომ ამ ტექნოლოგიას შეეძლება, ნაწილობრივ მაინც, გადაჭრას ელექტრონული ნარჩენების მიერ გარემოს დაბინძურების პრობლემა." თქვა ჯიალინგ სიაომ, კვლევის ავტორმა.

მოწყობილობა თითო კვადრატულ სანტიმეტრზე, დაახლოებით 1 ვოლტ ენერგიას გამოიმუშავებს.

როგორც მკვლევრები ამბობენ, ტექნოლოგიის დასახვეწად, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს "მატრიცას" სიუჟეტს გვაგონებს, ამიტომ მეცნიერები ხუმრობენ და გვაფრთხილებენ, რომ ამ სიახლეზე რობოტებს ჯერ არაფერი ვუთხრათ.