Facebook ჭკვიან საათზე მუშაობს — ის შემდეგი წლიდან გაიყიდება და მიმოწერის საშუალებასაც მოგვცემს
Facebook ჭკვიანი საათის შექმნაზე მუშაობს და ის Android-ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. ამის შესახებ The Information იუწყება. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სოციალური ქსელი საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზეც მუშაობს, იმისათვის, რომ სამომავლო მოწყობილობების შექმნის კუთხით მეტად დამოუკიდებელი იყოს.
ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქის ჭკვიან საათს, სავარაუდოდ, ექნება მიმოწერის ფუნქცია, ისევე, როგორც ჯანმრთელობასთან თუ ფიტნესთან დაკავშირებული ფუნქციები.
ჭკვიანი საათი სოციალური მედიის გიგანტის მიერ შექმნილ მოწყობილობების ეკოსისტემას შეუერთდება, რაც ამ ეტაპზე Oculus-ის ვირტუალური რეალობის სათვალესა და ვიდეოჩატის მოწყობილობა Portal-ს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქი Ray-Ban-თან ერთადაც მუშაობს ჭკვიანი სათვალის შექმნაზე, რომელიც 2021 წელს უნდა გამოჩნდეს და ასევე, Project Aria-ზე, რომლითაც კომპანია გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის საკუთარ სამომხმარებლო პროდუქტებში გამოყენებაზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფეისბუქს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუჟღერებია. კომპანიის წარმომადგენლები არ პასუხობენ მედიის ინტერესს ამ კუთხით.
სოციალური მედიის გიგანტის ამბიციები მოწყობილობების შექმნის კუთხით სიახლეს არ წარმოადგენს. კომპანიას 6 000 თანამშრომელი ჰყავს, რომლებსაც სწორედ ამ მიმართულებით ასაქმებს. ამის შესახებ Bloomberg წერდა გასულ თვეს. Facebook-მა 2019 წელს ასევე შეიძინა ნეირონული ინტერფეისების მიმართულებით მომუშავე სტარტაპი CTRL-Labs, რომელიც უსადენო მექანიზმების შექმნაშია სპეციალიზირებული. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, თუ რა ძალასა და რესურსს ხარჯავს სოციალური მედიის გიგანტი მოწყობილობების შექმნის კუთხით და რამდენად სერიოზულია მისი ამბიციები, შემოგვთავაზოს ბაზარზე ახალი ჭკვიანი საათები, სათვალეები თუ სხვა სახის მოწყობილობები.
კომენტარები