Apple ავტომობილების წარმოებას იწყებს — 3,6-მილიარდიანი კონტრაქტი Kia-სთან
სამხრეთ კორეული მედიის მიხედვით, ტექნოლოგიური გიგანტი, Apple კორეულ ავტომწარმოებელთან, Kia Motors-თან, 3,6-მილიარდიან კონტრაქტს დებს, რათა ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. თუკი მედიასაშუალებებს დავუჯერებთ ინფორმაცია 17 თებერვალს უნდა გაოფიციალურდეს.
ეფლს სურს, რომ 2024 წლისთვის წელიწადში 100 000 მანქანის წარმოება შეძლოს, რაც საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. ამასთანავე, სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეფლი მარტში ჰიუნდაისთანაც აპირებდა კონტრაქტის გაფორმებას.
Apple-ს რომ ავტოსამყაროში ჩართვა სურს არახალია, ამის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ეფლმა თავისი გეგმები დროებით გადადო და 2017 წლამდე ავტონომიური მართვის სისტემებზე იყო კონცენტრირებული.
ამ დროის განმავლობაში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეფლი წარმოებას მაინც დაიწყებდა, არაერთხელ გავრცელდა. დიზაინერებისა და ინჟინრების ჯგუფი დაუღალავად შრომობდა არაერთ კონცეპტზე. სულ ახლახან მათ გუნდს პორშეს ვიცე პრეზიდენტიც შეუერთდა, რომელიც კომპანიას ავტომობილის შასის შემუშავებაში დაეხმარება.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეფლი 2024 წლისათვის მართლაც დაიწყებს წარმოებას და სამყარო ახალ ელექტრომობილს იხილავს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Apple მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით გამოირჩევა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ინდუსტრიაში მყოფ კონცერნებს ახალი, საკმაოდ სოლიდური კონკურენტი გამოუჩნდებათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები