ქართულ ბაზარზე ახალი ადგილზე მიტანის სერვისი ჩნდება, რომელიც უფასოდ მოგემსახურებათ — OFOODO
ბოლო რამდენიმე წელში საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საკვების გამოძახების სერვისი, პანდემიამ კი ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და რესტორნიდან გამოძახებული საკვების მირთმევამ ზოგისთვის ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული ხასიათი მაინც მიიღო. სწორედ ამ დროს, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ქართული სტარტაპი — OFOODO, რომელიც კვებისა და სარესტორნო ინდუსტრიაში რამდენიმე სერვისს აერთიანებს.
OFOODO DELIVERY სტარტაპის იდეა ორი წლის წინ გაუჩნდა გუნდს, რომელსაც სარესტორნო და კვების ინდუსტრიაში უკვე ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. როგორც თვითონ გვიყვებიან, აღნიშნულ სერვისზე არსებულმა უკმაყოფილებამ როგორც მომხმარებლის, ასევე სარესტორნო ბიზნესის მხრიდან, ამ იდეის განხორციელება და საქმედ ქცევა კიდევ უფრო დააჩქარა. ფიქრობენ, რომ OFOODO მომხმარებლებს, როგორც საკვების არჩევის, ასევე გამოძახების პროცესს უმარტივებს და დროულად მიწოდებასაც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, OFOODO-ს კვების ობიექტებისთვის დაბალი საკომოსიო გადასახადი და უფასო მიწოდების სერვისიც აქვს.
"ამჟამად, სტარტაპი საწყის ეტაპზეა და მთელ ყურადღებას მომსახურების ხარისხს, სისწრაფეს, აპლიკაციის დახვეწასა და განვითარებას ვუთმობთ", — გვიყვება OFOODO-ს მარკეტინგის მენეჯერი, ანა ბედინაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდს სარესტორნო და კვების ინდუსტრიისთვის ციფრული პროდუქტის შექმნაში უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა. ამის ნათელ მაგალითს თვითონ OFOODO წარმოადგენს — პლატფორმა აერთიანებს რამდენიმე სერვისს კვების სფეროში, როგორებიცაა რესტორნების რეზერვაცია, საკვების გამოძახება, ობიექტიდან წაღების სერვისი და ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული QR მენიუ, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ობიექტზე სმარტფონით დაასკანეროს, ონლაინ დაათვალიეროს და შემდეგ შეუკვეთოს ესა თუ ის პროდუქტი.
"პანდემიის გამოწვევას QR მენიუმ ყველაზე ეფექტურად უპასუხა და რესტორნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციების შესრულება გაუმარტივა. ჩვენი ელექტრონული მენიუს სერვისით დღეს უკვე ორასამდე რესტორანი სარგებლობს".
OFOODO-ს მთავარი მიზანია ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები, რომლებზეც წვდომა ექნებათ ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს; კომპანიამ საკვების გამოძახებისა და ადგილზე მიტანის მომსახურება 2021 წელს აქტიურად დაიწყო.
"OFOODO DELIVERY-ის ახალი სერვისი საწყის ეტაპზეა. უკვე არსებობს აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიურად იხვეწება. ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა მოთხოვნად კვების ობიექტთან და ვცდილობთ, მომხმარებლისთვის შევქმნათ ახალი, პოზიტიური გამოცდილება საკვების მიწოდების სერვისში. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებს ვემსახურებით. გვაქვს უფასო მიწოდების სერვისი და განსაკუთრებული აქციები საკვებზე".
სტარტაპში გვიყვებიან, რომ დაფინანსების ძირითადი ნაწილი კერძო ინვესტიციას მოიცავს. გარდა ამისა, გუნდმა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსგან (GITA) 100 000 ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა.
"ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს და გავაუმჯობესოთ OFOODO-ს სერვისი. ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილში კი ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან".
გუნდი ფიქრობს, რომ ქართულ ბაზარზე ყოველთვის არის სიახლის მოთხოვნა, განსაკუთრებით კი კვების ინდუსტრიაში. ამ მხრივ უკვე დიდი გამოცდილება დაგროვდა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ახლა იზრდება მოთხოვნა უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ OFOODO მხოლოდ მიტანის სერვისით არ შემოიფარგლება. პანდემიის გამო, კომპანიის რამდენიმე სერვისი დროებით მიუწვდომელია, თუმცა გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ არსებული მდგომარეობა მალე გამოსწორდება და OFOODO გახდება წამყვანი პლატფორმა ქართულ კვების ინდუსტრიაში.
"ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ერთ აპლიკაციაში ყველა სარესტორნო სერვისით სარგებლობა".
უნდა აღინიშნოს, OFOODO-ს გუნდი მხოლოდ ქართული ბაზრით შემოიფარვლას არ აპირებს. სტარტაპის იდეის ავტორებისა და დამფინანსებლების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სწორედ უცხოური ბაზრის ათვისებაა.
"ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორები გვყავს. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩვენი პროდუქტის გატანაა. სამომავლოდ, მიზნად ვისახავთ მსოფლიო ბაზარზე გასვლას, ამ გეგმის ჯანსაღი საფუძველი კი ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობა და მოტივაციაა".
OFOODO-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ასევე, Android-ის მომხმარებელთათვის.
კომენტარები