Boston Dynamics-ის ახალ ვიდეოში რობოძაღლი მეხუთე კიდურით არაერთ საქმეს ასრულებს
Boston Dynamics, Hyundai-ს საკუთრებაში მყოფი რობოტების კომპანია ცნობილი გახდა მაღალფუნქციური, ცხოველებით შთაგონებული რობოტების წარმოებით. კომპანიამ ახლახან კიდევე რთი შესანიშნავი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რობოძაღლი სპოტი თავისი მეხუთე კიდურით არაერთ საქმეს ასრულებს.
ვიდეოში კარგად ჩანს სპოტის სიმარჯვე. რობოძაღლს დამატებით მეხუთე რობოკიდური ზურგზე აქვს დამონტაჟებული. მისი საშუალებით სპოტი ალაგებს ოთახს, ხტუნაობს სახტუნაოზე — რომელსაც, რა თქმა უნდა, ასევე ორი სპოტი ატრიალებს — და ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ის კადრია, სადაც იგი ავტოსადგომზე ცარცით ხატავს "S"-ს.
ვიდეოში ასახული ქცევები რობოტის ახალი ინტერფეისის ჩვენებას ისახავს მიზნად, რაც შესაძლებელს ხდის როგორც ავტომატურ, ასევე შორიდან კონტროლირებად ქცევას.
აქ აშკარად არ ჩანს, თუ რომელი ქმედებებია ავტომატური და რომელს ხელმძღვანელობს ინჟინერი სცენის მიღმა, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ ვინ განსაზღვრავს სპოტის ქცევას, რობოტი შესანიშნავ შესაძლებლობებს გვიჩვენებს.
Boston Dynamics-ის პერიოდული ვიდეოები საკმაოდ სახალისოა, მაგრამ კომპანიას უფრო სერიოზული მისწრაფებები აქვს, ვიდრე მაღალტექნოლგიური სათამაშოების შექმნა. სპოტი გაგზავნილია ჩერნობილზე, მას იყენებს NASA და განიხილება მისი გაშვება მარსის მისიაზეც.
რობოძაღლები, თუმცა არა Boston Dynamics-ის, ასევე იქმნება საბრძოლველად და სამხედრო პატრულირებისთვის, ამიტომ რამდენად საყვარლებიც არ უნდა მოგეჩვენონ, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი რობოძაღლი სპოტისნაირი კარგი სულაც არაა.
კომენტარები