რუსეთის Sputnik V კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით 92%-ით იცავს ადამიანებს Covid-19-ისგან. ბოლო ეტაპზე ჩატარებული ცდის შედეგები ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, მიიჩნევა რომ ვაქცინა უსაფრთხოა და იგი ადამიანებს სრულად იცავს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან.

Sputnik V-ს გამოჩენას მსოფლიო სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ახლა, როდესაც უკვე საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდა, მან მეტი აღიარება მოიპოვა და შეუერთდა დადასტურებული ვაქცინების რიგებს Pfizer-თან, Oxford/AstraZeneca-სთან, Moderna-სთან და Janssen-თან ერთად.

Sputnik ვაქცინა ისევე მუშაობს, როგორც გაერთიანებული სამეფოს Oxford/AstraZeneca და ბელგიის Janssen. იგი იყენებს გაციების ტიპის, სპეციალურად შეცვლილ უვნებელ ვირუსს, რომელიც კორონავირუსის პატარა ფრაგმენტს აწვდის სხეულს, შესაბამისად უსაფრთხოდ აცნობს მას ვირუსის გენეტიკურ კოდს იმისთვის, რომ სხეულმა აღიქვას საფრთხე და ისწავლოს, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მას და დაამარცხოს.

ვაქცინაციის შემდეგ, სხეული იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას ვირუსთან საბრძოლველად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი რეალურად დაინფიცირდება Covid-19-ით, მისი იმუნური სისტემა მაშინვე დაიწყებს ბრძოლას ვიურისის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინა ინახება 2-8oС ტემპერატურაზე (ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურა 3-5oС-ია), რაც უფრო ამარტივებს მის ტრანსპორტირებასა და შენახვას.

თუმცა, მსგავსი ვაქცინებისგან განსხვავებით, Sputnik-ის პირველი და მეორე დოზები, რომლებიც ადამიანს 21 დღის შუალედით უკეთდება, ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულია. ამის მთავარი იდეა ისაა, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის გამოყენება მეტად აძლიერებს იმუნურ სისტემას, ვიდრე ერთი და იმავე ვაქცინის ორჯერ გამოყენება, და შესაძლოა ამან ვირუსისგან უფრო გრძელვადიანი დაცვაც უზრუნველყოს.

გარდა იმისა, რომ Sputnik V საკმაოდ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, იგი ასევე უსაფრთხოცაა და ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს. თუმცა, შესაძლოა გამოიკვეთოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა, ოდნავ მაღალი ტემპერატურა და მკლავის ტკივილი. ცდის არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა ფატალურად, ვაქცინას არც რაიმე სერიოზული დაავადება გამოუწვევია ადამიანებში.

რუსეთის გარდა, Sputnik V უკვე არაერთ ქვეყანაში გამოიყენება — არგენტინაში, პალესტინის ტერიტორიებზე, ვენესუელაში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ირანში. Lancet-ის სტატიასთან ერთად გამოქვეყნებული კომენტარში პროფესორი იან ჯონსი და პოლი როი წერენ, რომ "Sputnik V ვაქცინას თავდაპირველად უჩვეულოდ სწრაფად და ინტენსიურად აკრიტიკებდნენ, თუმცა შედეგი ნათელია, ვაქცინის მოქმედების პრინციპი უკვე ცნობილია და რაც მთავარია, მსოფლიოში კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველად ახლა ერთით მეტი ვაქცინა გვაქვს".

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინა ეფექტიანია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და პირველი დოზის მიღების შემდეგ ამცირებს დაავადების სიმძიმეს. ეს "ძალიან გამამხნევებელი იყო" იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ვაქცინების რაოდენობა შეზღუდულია, დაამატეს მათ.

Lancet-ის სტატიის ავტორებმა ისიც აღნიშნეს, რომ ვაქცინის ანალიზი მოიცავს ვირუსის მხოლოდ სიმპტომურ შემთხვევებს და მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტიანია იგი უსიმპტომო შემთხვევებში და მოახდენს თუ არა ის უსიმპტომო ადამიანებიდან ვირუსის ჯანმრთელ ადამიანებზე გადაცემის პრევენციას.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები ჯერ მხოლოდ ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, ამიტომ სანამ მის ეფექტიანობაში საბოლოოდ დავრწმუნდებით, ჯობს სხვა წყაროებსაც დაველოდოთ.