ბრიტანეთში საცალო ბანკებს ნაღდი ფულის შენარჩუნებაზე ვალდებულების აღებისკენ მოუწოდებენ
გამოცემა Which? გაერთიანებული სამეფოს უდიდეს რვა საცალო ბანკს, სთხოვს, რომ ნაღდი ფულის შენარჩუნების ვალდებულება საჯაროდ აიღონ. გამოცემის თქმით, მილიონობით ადამიანია, ვინც ჯერ კიდევ ნაღდ ფულზეა დამოკიდებული და მათ საფრთხე ემუქრებათ.
Which? საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემაა და მისი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ბრიტანეთში ნაღდი ფულის ბანკომატების რაოდენობა 13 000-ით შემცირდა. ამისთვის კი, თითქმის 10 მილიონი ადამიანი მზად არ არის. კვლევის თანახმად, მათ ნაღდ ფულზე უარის თქმის შესაძლებლობა არ აქვთ.
გასულ კვირას, Link-მა, დიდი ბრიტანეთის ნაღდი ფულის აპარატების უდიდესმა მწარმოებელმა, განაცხადა, რომ თუ სპეციალური ზომები არ იქნა მიღებული, ქვეყანაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ბანკომატების რაოდენობა შეიძლება განახევრდეს.
Which?-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანაბელ ჰულტმა დიდ ბრიტანეთში არსებულ რვა უდიდეს საცალო ბანკს წერილით მიმართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედონ ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის დასაცავად.
"ჩვენ ბანკებს მივეცით ორკვირიანი ვადა იმის დასადასტურებლად, რომ ისინი განაგრძობენ Link-თან და Post Office Banking Framework-თან თანამშრომლობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", — თქვა ანაბელ ჰულტმა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, დიდ ბრიტანეთში 3 300 ფულის განაღდების ბანკომატი გაუქმდა.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურმა ბანკმა, გუშინდელი განცხადებით, ბანკებს მოუწოდა, პანდემიის გამო, დახურული ფილიალების და ბანკომატების ეტაპობრივი აღდგენა განიხილონ.
კომენტარები