როგორ გადავურჩეთ "შორით ტრფობას" — დისტანციური ურთიერთობის 10 უპირატესობა
რა სჯობს საყვარელი ადამიანის ყოლას? რა და — საყვარელი ადამიანის გვერდით ყოლა. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ზოგჯერ (განსაკუთრებით, პანდემიის დროს) ჩვენთვის უახლოეს ადამიანებს მხოლოდ ვიდეოზარით ვნახულობთ. მაგრამ ასეთ დროსაც კი შესაძლებელია მსგავსი ურთიერთობის დადებით მხარეებზე კონცენტრაცია.
ფოტო: Citra Gunasiwi / Dribbble.com
რომანტიკული ურთიერთობები ათასგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ხანდახან არსებობს ისეთი გარემოებაც, რომელიც ყოველგვარ სიყვარულს ართულებს და გამოწვევებს მატებს — დისტანცია. ოღონდ ვირუსებისგან თავის დასაცავი ორმეტრიანი დისტანცია კი არა, ძალიან ბევრკილომეტრიანი დისტანცია, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული სასაათო სარტყლები, ცხოვრების წესი, გრაფიკი, პროფესია და ხანდახან, გემოვნებაც კი ემატება ხოლმე.
მოკლედ, თუკი პანდემიის პირობებში დისტანციის დაცვა ჩვენთვის სასარგებლოა, სასიყვარულო ურთიერთობებში ერთმანეთისგან შორს ყოფნა არც ისე მიმზიდველი რეალობაა და მასთან შეგუება სულაც არ არის მარტივი.
მართალია, შუა საუკუნეებისეულ წარსულში დისტანციურ ურთიერთობებს "შორით ტრფობის" რაინდული ელფერი დაჰკრავდა და სიყვარულის ღირსეულ, სასურველ გამოვლინებადაც მიიჩნეოდა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავადაც კი, ე.წ. long distance ურთიერთობა მაინც არასახარბიელო მდგომარეობაა. ამიტომ ხშირად, პარტნიორის არჩევისას მსგავს სირთულეებს გავურბივართ კიდეც.
თუმცა, ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ დროის, მანძილის, სიჩქარისა თუ განზომილების განსხვავების მიუხედავად, სიყვარულის შენარჩუნება შესაძლებელია.
აი, ის 10 რამ, რაც შორ მანძილზე ურთიერთობას ასატანს ხდის:
1. Netflix Teleparty
ფოტო: Mohamed Chahin / Dribbble.com
ხშირად დადიოდი ხოლმე კინოში პარტნიორთან ერთად? — შორ მანძილზე ურთიერთობისას და მით უმეტეს, კარანტინის პირობებში, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა, ძალიან კარგი ალტერნატივა Netflix Teleparty-ია, რომლის მეშვეობითაც სასურველ ფილმსა თუ სერიალს ჩვენგან ფიზიკურად შორს მყოფებთან ერთად ზუსტად ერთდროულად შეგვიძლია ვუყუროთ და სინქრონულად დავაპაუზოთ კიდეც.
რა თქმა უნდა, სერიალის თუ ფილმის ლეპტოპზე ერთდროულად ჩართვაც შეგიძლიათ, თუმცა "დაწყების" ღილაკზე თითის ზუსტად ერთსა და იმავე დროს დაჭერა კიდევ ცალკე ხელოვნების დარგია. ამიტომ განსაკუთრებით ასინქრონული წყვილებისთვის ყველაზე კომფორტული გამოსავალი ეს პროგრამა მგონია.
აქვე, ერთ რჩევას მოგცემთ — მართალია, სერიალების ყურებას თუ შეყვებით, ალბათ თქვენც ჩვენსავით ჯერ 2-3-სეზონიანი შოუებით დაიწყებთ, იმ იმედით, რომ ერთმანეთს მალე ნახავთ და უფრო "გემრიელ ლუკმას" ერთი ეკრანიდან ყურებისთვის მოიტოვებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იმედები უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ გრძელი სერიალის დაწყება სჯობს. ყოველი ახალი მოკლე შოუს დასასრულის შემდეგ თქვენ ხელახლა გააცნობიერებთ, რომ ჯერ კიდევ არ ხართ ერთმანეთის გვერდით. ამ არცთუ სასიამოვნო შეგრძნების თავიდან ასაცილებლად კი რაც მეტ ეპიზოდიან სერიალს აარჩევთ, მით უკეთესი.
2. მოგზაურობა
ფოტო: Austin Remer
მართალია, ჩვენსა და ჩვენს საყვარელ ადამიანს შორის ნებისმიერი მანძილი ზოგჯერ გადაულახავ 9 მთა და 9 ზღვად გვეჩვენება, მაგრამ ზოგჯერ ეს გრძნობა რეალობისგან შორს სულაც არაა. მაგრამ შორ მანძილზე ურთიერთობას დადებითი მხარე მოგზაურობის შესაძლებლობაა. ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა მსოფლიოში ფრენებზე შეზღუდვები აღარ იარსებებს.
აი, ამის მერე კი შორ მანძილზე ურთიერთობა ერთ დიდ თავგადასავლადაც შეიძლება გადაიქცეს. ასეთ დროს არც ის არის გამორიცხული, რომ შენი სიყვარულისკენ გზაში სრულიად წარმოუდგენელ ადგილებში მოხვდე, თოვლიან ქალაქში დაეშვა, სადაც ფრენას გაგიუქმებენ და როცა, საბოლოოდ, 48-საათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას ჩააღწევ, შენი ჩემოდნებიც დაიკარგოს.
მაგრამ, სიტყვაზე მენდე, რაც უფრო მეტ წინაღობას აგიშენებს გზად ბედისწერა, მით მეტად ტკბილი იქნება წამი, როცა აეროპორტში მომლოდინე საყვარელ ადამიანს ჩაეხუტები.
3. Amazon და საფოსტო სერვისები
ფოტო: William Brett atkin / Dribbble.com
როცა შენს პარტნიორს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნახულობ, სამწუხაროდ, ვერც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას შეძლებ მასთან ერთად. თუმცა, თუ ადრე გამოსავალი საწყალ მტრედებზე მიბმული უსტარები იყო, ახლა Amazon-ზე საჩუქრების უსაზღვრო არჩევანი და სხვა საფოსტო სერვისები დაგეხმარება შენი სიყვარულის გულის მოგებაში. ან... ზოგჯერ, წაგებაშიც, თუ, მაგალითად, შემთხვევით ფეხსაცმლის ზომაში შეცდები ან დაბადების დღეზე იმავე ჭიქის ჩუქებას გადაწყვეტ, რაც ადრე უკვე აჩუქე, მაგრამ გაუტყდა და სხვა ვერაფერი მოიფიქრე.
შესაძლებელია, იმგვარადაც მოხდეს, რომ შენს გზავნილს დღეები და კვირები კი არა, თვეებიც დააგვიანდეს. მაგრამ, საბედნიეროდ, სასუსნავების უმეტესობას გამოყენების ძალიან დიდი ვადა აქვს და ის ჩიფსი, რომელიც შენთან არ იშოვება, დაფხვნილიც უზომოდ გემრიელია.
4. საერთო ფოტოები, ვიდეოები და უფრო მეტი ფოტოები
ფოტო: BrandMills Studios / Dribbble.com
როცა პარტნიორს შორიდან დაუქნევ ხელს დამშვიდობებისას და თვალზე ცრემლები მოგადგება, აუცილებლად შეეცდები, მალევე გაიხსენო ერთად გატარებული წუთები. ამისათვის კი ძალიან, ძალიან ბევრი საერთო ფოტო/ვიდეო დაგჭირდება. დამიჯერე, ასეთ დროს არ არსებობს ზედმეტად ბევრი სურათის ცნება. 1 წლის გასვლის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი სელფიც განსაკუთრებულად ღიმილისმომგვრელი შეიძლება გახდეს.
მეტიც, გირჩევ, მომდევნო ჯერზე, როცა საყვარელი ადამიანის ნახვის შესაძლებლობა მოგეცემა, დამატებით ყველაზე დიდმოცულობიანი მეხსიერების ბარათიც თან წაიღო. დღეს ხომ არავინ იცის, რომელი პანდემია დაიწყება მას შემდეგ, რაც კვლავ ერთმანეთთან განშორება მოგიწევთ ან რამდენ უცხოპლანეტელს მოუნდება ჩვენს პლანეტაზე გამოსეირნება. 2020 წლის მერე გამორიცხული არაფერი აღარაა, ამიტომ შემდეგში მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდით ერთმანეთს.
5. პირადი სივრცე
ფოტო: Nikolay Ivanov / Dribbble.com
რაღაც დროით მაინც განმარტოება ყოველ ურთიერთობაში გვჭირდება ხოლმე. აი, შორ მანძილზე ურთიერთობისას კი მთელი დრო შენ გეკუთვნის. რა თქმა უნდა, მელანქოლიის წუთებს ვერსად გაექცევი, მაგრამ მაინც არის რაღაც უცნაურად კომფორტული იმაში, რომ შენს დროს სრულიად შენ განკარგავ და ამ მხრივ კომპრომისებზე წასვლა არ გიწევს.
დიდი პირადი სივრცე, რომელიც პარტნიორისგან შორს ყოფნისას ჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ რამეში გამოიყენო — იქნება ეს ახალი ენის შესწავლა, შენში მზარეულის უნარების აღმოჩენა-განვითარება თუ უბრალოდ, "როგორც ყოველთვის", საყვარელი სერიალების ყურება და ვიდეოთამაშებით გართობა.
მართალია, ერთად გატარებული დრო ორივეს ძალიან მოგენატრებათ, მაგრამ იმაზე დავისას, თუ რომელ შოუს უნდა უყუროთ და სად ისადილოთ, ის დროც შეიძლება მოგენატროს, რომელიც მარტო ყოფნისას საკუთარი თავისთვის გქონდა. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენც ჩემსავით ინტროვერტი ხარ.
6. პაემნებზე დაზოგილი ფული
ფოტო: Kirill Pavlov / Dribbble.com
ხშირად ურთიერთობაში ყოფნა დამატებითი ხარჯების გაჩენასაც გულისხმობს. ყოველთვის გვინდა, ჩვენთვის ძვირფას ადამიანს განსაკუთრებული პაემნები მოვუწყოთ და ამისთვის დამატებითი ფინანსების მოძიებაც შეიძლება დაგვჭირდეს. შორ მანძილზე ურთიერთობისას კი ეს საკითხი სულაც არ დგას დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, პარტნიორის გვერდით ყოლა და თუნდაც სწრაფი კვების რესტორანში წასვლა ერთი სიამოვნებაა, მაგრამ მოკლებული ინტერაქციის დადებითი მხარეების დანახვა ხომ ერთადერთი რამაა, რაც მარტო ყოფნისას დაგვრჩენია.
ამასთან, პაემნებზე დაზოგილი ფული მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ თუნდაც სამომავლო საერთო მოგზაურობის ბიუჯეტი შეავსო ან უფრო კრეატიული სიურპრიზები დაგეგმო. თანაც, ყოველთვის შეგიძლიათ, საკვების მიტანის სერვისის გამოყენებით მოიწყოთ დისტანციური სადილი, რაც, როგორც წესი, რეალურ პაემანზე იაფი დაგიჯდებათ.
7. კომუნიკაცია
ფოტო: Bethlehem Berhanu / Dribbble.com
ერთმანეთთან საუბარი ხომ ისედაც ყველანაირ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია და როცა საქმე შორ მანძილზე ურთიერთობას ეხება, ის ფუნდამენტურიც ხდება. ამ დროს ხარისხიანი და რუტინული კომუნიკაცია განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს. მართალია, შეიძლება, შენ წინააღმდეგ იყოს ცხოვრების რიტმიც, ამინდიც და თავად დროც კი, მაგრამ, აუცილებლად დარწმუნდი იმაში, რომ შენი საყვარელი ადამიანისთვის საკმარისი დროის გამონახვა შეგიძლია და თანაც — სტაბილურად.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მხოლოდ ზოგად საკითხებზე საუბარი საკმარისი არაა. შეეცადე, მაქსიმალურად გაუზიარო შენი ამბები შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს. მოუყევი მას შენს დღეზე; იმ სიმღერაზე, რომელიც აღმოაჩინე; და იმ პრობლემებზეც, რომლებიც გაწუხებს. ამასთან, მზად იყავი მის მოსასმენადაც.
ერთმანეთისგან შორს ყოფნა ზუსტად ისევეა რთული შენი პარტნიორისთვის, როგორც შენთვის, ამიტომ არც ამ თემაზე საუბარს მოერიდოთ და ბოლომდე გულწრფელები იყავით.
8. მეტი დრო სხვებისთვის
ფოტო: Seth Eckert / Dribbble.com
გარდა პერსონალური სივრცისა, შორ მანძილზე ურთიერთობისას მეტი დრო გრჩება სხვა ადამიანებისთვისაც შენს ცხოვრებაში. მეგობრები იმაზე ვერასოდეს გისაყვედურებენ, რომ მათთვის აღარ გცალია. ამიტომ, სანამ შენ და შენს პარტნიორს ჯერ კიდევ დიდი მანძილი გაშორებთ, დატკბი მათი ნახვით.
მაგრამ თუ ახლა შენც, ყველას მსგავსად, გარეთ ხშირად გასვლას ვერ ახერხებ და შეხვედრების დაგეგმვაც მხოლოდ ღია ცის ქვეშ შეიძლება, შეგიძლია, შინაურ ცხოველებსა თუ სახლის მცენარეებს დაუთმო მეტი დრო.
9. მეტი რწმენა ურთიერთობაში
ფოტო: Anastacia Trapeznikova / Dribbble.com
ამ სტატიისთვის იდეების განხილვისას, ჩემმა განსაკუთრებულმა ადამიანმა საინტერესო დაკვირვება შემომთავაზა: ერთმანეთისგან შორს ყოფნა უსიამოვნო, მაგრამ უსათუოდ კარგი ხერხია ურთიერთობის სიმყარის დასადგენად. გამოწვევები და სირთულეები ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა თუ შორ მანძილზე ურთიერთობის ტესტი გაქვთ გავლილი, არ არის გამორიცხული, რომ შედარებით მარტივად გაუმკლავდეთ დანარჩენ პრობლემებს.
მართალია, ამ ბრძნული აზრის მერე მან ისიც მითხრა, რომ დისტანციურად ურთიერთობის დადებითი მხარე მთელ საბანზე საკუთრების უფლებაა და ღამით აღარ სცივა, მაგრამ პირადად მე ამ აზრს არ ვიზიარებ.
10. სიყვარული
ფოტო: თამთა გვენცაძე / On.ge
რა იქნებოდა შორ მანძილზე ურთიერთობა სიყვარულის გარეშე? — წარმოიდგინე, მუშაობა დაიწყე და ყოველდღე იმ საქმეს აკეთებ, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს. ის არც შენი პროფესიის ნაწილია, არც მაღალ ანაზღაურებას გპირდებიან და არც კარიერული განვითარების პერსპექტივა ჩანს. აი, რეზიუმეშიც კი რომ არ ჩაწერ, ისეთი სამსახურია. დაახლოებით ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდებოდი, შორ მანძილზე ურთიერთობა სიყვარულის გარეშე რომ გქონოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, უპირველესად, სიყვარული გაგაძლებინებს ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნას, რაც უნდა შორს გყავდეს შენი რჩეული.
ასე რომ, გახსოვდეს, საერთაშორისო სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპიდან მრავალი დადებითი გამოცდილების მიღებაცაა შესაძლებელი.
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა

კომენტარები