Apple-ისა თუ Samsung-ის ჭკვიანი საათები სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას შეძლებენ
Apple Watch Series 7-ში გამოყენებული ოპტიკური სენსორის დახმარებით, ეს ჭკვიანი საათი შეძლებს სისხლში შაქრის დონე განსაზღვროს. ამის შესახებ ETNews იტყობინება. ეს ანგარიში, ძირითადად, Samsung Galaxy Watch 4-ის მხრიდან შაქრის დონის გაზომვის შესაძლებლობებს განიხილავს და თან ახსენებს, რომ Apple ამ კუთხით არაინვაზიურ ოპტიკურ სენსორს იყენებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ტექნოლოგიური გიგანტის შემდეგი თაობის ჭკვიანი საათები ამ ფუნქციით იქნება აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ სისხლში გლუკოზის, ანუ შაქრის დონის განსაზღვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთა ყოველდღიურობისთვის. ამ ეტაპზე გავრცელებული პრაქტიკით, პაციენტები სისხლში შაქრის შემცველობას იმპლანტირებული მოწყობილობით (CGM), ან სხვა ინვაზიური მეთოდებით ადგენენ. შესაბამისად ხდება ინსულინის ინექციისა თუ დიაბეტის მქონეთა ყოველდღიური რაციონის განსაზღვრა.
Apple-ს აქამდეც უთქვამს, რომ აქვს პატენტები სისხლში შაქრის მონიტორინგის კუთხით, ახლა კი კომპანია ფოკუსირებულია ტექნოლოგიის საიმედოობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, სანამ მისი კომერციალიზაცია მოხდება. კომპანია რამდენიმე წელია ბიოსამედიცინო ინჟინრებთან თანამშრომლობს, იმისათვის, რომ სისხლში შაქრის განსასაზღვრად არაინვაზიური მონიტორინგის სისტემა შექმნას.
გავრცელებულ ანგარიშში კი Galaxy Watch 4-ის მსგავს შესაძლებლობაზეა საუბარი. ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად კომპანია ოპტიკურ სენსორთან ერთად Raman spectroscopy-ის ტექნიკას გამოიყენებს.
Samsung Galaxy Watch 4-ისა და Apple Watch Series 7-ის გამოსვლას 2021 წლისთვის ველოდებით. განსაკუთრებით კი მას, ალბათ, უკვე დიაბეტის მქონე ადამიანები ელოდებიან. რადგან ეს ორი მოსახერხებელი მოწყობილობა მათი ყოველდღიურობის გარდაქმნას შეძლებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები