ახალი მატარებელი საწვავად ადამიანებისა და ცხოველების ნარჩენებს გამოიყენებს
მალე, შესაძლოა გამოვიყენოთ მატარებლები, რომლებიც ადამიანებისა და ცხოველების ნარჩენებზე იმუშავებენ. ვსაუბრობთ მსგავს ტრანსპორტში ბიომეთანის ბიოსაწვავის გამოყენების პერსპექტივაზე, რომელზეც ბრიტანეთში უკვე მუშაობენ.
ბიომეთანი არის ბიოსაწვავის სახეობა, რომელიც მიიღება რამდენიმე ნარჩენი პროდუქტისგან, მათ შორის საკანალიზაციო, სასოფლო და სამეურნეო კულტურების ნარჩენებისგან, ცხოველური სასუქისაგან და საკვების ნარჩენებისგან. ამ ნარჩენების დაშლის შედეგად წარმოიქმნება გაზი, რომელიც, თავის მხრივ, გამოიყენება როგორც სუფთა, ალტერნატიული საწვავი.
BioUltra–ს, Ultra Light Rail Partners–ის ინჟინრები მიზნად ისახავენ ჩაანაცვლონ ქალაქის მატარებლები და ტრამვაი ბიომეთანის საწვავზე მომუშავე მატარებლებით, რათა დაეხმარონ გარემოს, იუწყება Independent.
ULR Partners-მა მიიღო 80 000 დოლარი გრანტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მდგრადი ინოვაციების ფონდისგან, მათი ბიომეთანზე მომუშავე მატარებლის განვითარებისთვის. ფირმა გეგმავს გამოიყენოს ეს თანხა მდგრადი სარკინიგზო მაგისტრალის შესაქმნელად, რომელსაც შეეძლება 120-მდე მგზავრის გადაყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიომეთანი ნახშირბადს გამოყოფს ატმოსფეროში, მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ რაოდენობის ნახშირბადი მაინც გამოიყოფა ბუნებრივი პროცესების შედეგად, ხოლო მისი საწვავად გამოყენება ამ კომპონენტებს ახალ სიცოცხლეს აძლევს და წიაღისეული საწვავის მავნე ემისიების გავრცელებას უშლის ხელს.
განცხადებაში, Ultra Light Rail Partners-ის თავმჯდომარემ ბევერლი ნილსენმა თქვა, რომ "ეს ნამდვილად ნდობაა ჩვენი ბიზნესის მიმართ, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია მგზავრობის კომფორტულ, თანამედროვე, საიმედო და უსაფრთხო ალტერნატივის შექმნაზე".
"ჩვენ გვსურს შევთავაზოთ ეს ტრანსპორტი დიდ ქალაქებსა და დიდი ბრიტანეთის გარშემო მდებარე პატარა ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, რათა მათ რეალურად შეძლონ დამაბინძურებელი მანქანების შემცირება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის"
"დასავლეთ მიდლენდსის ბოლოდროინდელმა მონიტორინგმა დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი დამაბინძურებლის, PM2.5-ის არსებული დონის 50 პროცენტით შემცირება, მხოლოდ დასავლეთ მიდლენდში, ყოველწლიურად, 952 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.”
მეტიც, რამდენიმე მახასიათებელი ამ მატარებელს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის COVID-19-ის რეალობაში, "ულტრაიისფერი განათება და გაფილტრული ჰაერი მოგზაურობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", — ნათქვამია Black Country Chamber of Commerce-ის განცხადებაში.
კომენტარები