Undertale — თამაში, რომელიც ადამიანობას გვასწავლის
კომპიუტერული თამაშები ძალიან დაუფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში უამრავი "გეიმერია" და ახალგაზრდობის უმეტესობა, ცხოვრების რაღაც ეტპაზე თამაშებით ირთობს თავს, იქნება ეს CandyCrush თუ Among Us, იშვიათად ვაცნობიერებთ, რომ კომპიუტერული თამაში ისეთივე შედევრად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც რაიმე ლიტერატურული ნაშრომი ან რენესანსის პერიოდის ტილოა.
იმისთვის, რომ თამაში საინტერესო იყოს, მას სჭირდება კარგი დიზაინი, მხატვრობა, მუსიკა, პერსონაჟები, სცენარი და ა.შ. ეს ყველაფერი კი გაერთიანებული უნდა იყოს რაიმე Engine-ით. იქნება ეს Unity, GameMaker თუ რაიმე სხვა. მარტივად რომ ითქვას, პროგრამირების ცოდნაც საჭიროა. სწორედ ამიტომ, თამაშებს ძირითადად კომპანიები ქმნიან, რომლებსაც ცალკე ინჟინრები ჰყავთ, ცალკე დიზაინერები, მხატვრები და სცენარისტები. თუმცა, შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე თამაში, რომელიც ერთი ადამიანის გაკეთებულია. სწორედ ასეთი თამაშია Undertale, რომელიც თავიდან ბოლომდე ტობი ფოქსის მიერაა შექმნილი.
მნიშვნელოვანია, რომ Undertale ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი, გულისამაჩუყებელი, სასაცილო, სევდიანი და კარგად მოფიქრებული თამაშია, რაც ოდესემე შექმნილა. ის 2015 წელს გამოვიდა, როცა მისი შემქმნელი 24 წლის იყო.
რა არის Undertale
Undertale-ის მოვლენები თქვენი, მთავარი პერსონაჟის გამოქვაბულში ჩავარდნით იწყება, სადაც "მონსტრები" ცხოვრობენ. ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ამ მიწისქვეშა სამყაროს თავი დააღწიოთ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. ბევრი მონსტრი თქვენდამი მტრულად არის განწყობილი, ამიტომ შეგიძლიათ შეებრძოლოთ, ან დაინდოთ და კონფლიქტი ჩხუბის გარეშე მოაგვაროთ. არჩევანი თქვენზეა, მოკლედ.
გეიმინგში ეს ახალი კონცეფცია არაა. ბევრ თამაშში შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც თამაშის გამოსავლიანობაზე აისახება. Undertale განსაკუთრებული იმიტომაა, რომ მას ძალიან კარგი პერსონაჟები ჰყავს. მაგალითად, ტორიელი, ერთ-ერთ პირველი "მონსტრი", რომელსაც შეხვდებით, მზრუნველი მშობლის როლს ირგებს, რადგან საკუთარი შვილი ადამიანებმა მოუკლეს. ფანების ფავორიტი სანსი, რომელიც უპრეცედენტო ძალით გამოირჩევა, მაგრამ უბრალოდ, ინდიფერენტულია. ან პაპირუსი, სანსის ძმა, რომელიც ცდილობს, რომ თავისი "ღირებულება" დაამტკიცოს და ძმისგან განსხვავებით, საკუთარ სოციალურ სტატუსზე ღელავს. მთავარი პერსონაჟების გარდა, Undertale-ს მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც ჰყავს. ზოგი მათგანი უცნაურია, ზოგი საყვარელი, ზოგიც კი უბრალოდ, ინდიფერენტული.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი, მგონი, ნაპსტაბლუკია — ნიჰილისტი მოჩვენება, რომელიც უკვდავებითაა დაწყევლილი და უმეტესად ტირის, ან სძინავს.
შეგიძლიათ ნაპსტაბლუკს სახლში მიაკითხოთ, გვერდზე მიუწვეთ და ერთად მოუსმინოთ ტრანსცენდენტურ მუსიკას.
თამაში არ ცდილობს, რომ სწრაფად გაიაროთ ყველა ტური. თამაშის მიზანია გაგაცნოთ დახურული რეალობა, სადაც მონსტრები მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს და ისეთივე ადამიანური ბუნება აქვთ, როგორც თქვენ. პერსონაჟების მოტივაცია და მდგომარეობა გასაგებია. ყველა მათგანი ისეთია, როგორიც ჩვენ ერთ დროს ვიყავით, ან შეიძლება მომავალში ვიყოთ.
როგორც ვთქვი, თამაშის დასასრული თქვენი არჩევანით და ქმედებებით განისაზღვრება. თუ განიზრახავთ, რომ ყველა მონსტრი დახოცოთ, თამაშს გენოციდური დასასრული ექნება. თუ გადაწყვეტთ, რომ ზოგი მონსტრი მოკლათ და ზოგი დაინდოთ, თამაშს "ნეიტრალური" დასასრული ექნება, თუმცა Undertale-ის სილამაზე, მის პაცეფისტურ დასასრულშია. თუ გადაწყვეტთ, რომ არავინ მოკლათ, ყველაზე რთულ, მაგრამ დამაკმაყოფილებელ დასასრულს იხილავთ.
Spoiler-ებისგან თავს ვიკავებ, რადგან Undertale-ის ხიბლი პრაქტიკულად მთლიანად მის სიუჟეტშია. ამიტომ, თუ ჯერ არ გითამაშიათ, გირჩევთ კითხვა აღარ გააგრძელოთ.
თამაშმა იცის, რომ თქვენ თამაშობთ
მეოთხე კედლის დანგრევის უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ფილმის ან თამაშის პერსონაჟმა თითქოს იცის, რომ ის "ფიქციურ" სამყაროშია და თქვენ დამკვირვებელი ხართ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, იქნება ეს Deadpool ან Community ან სულაც Batman: Arkham Assylum. თუმცა, ყველაზე გემოვნებიანად და ეფექტურად ეს Undertale-შია გაკეთებული.
თამაშის დასასრულისას ირკვევა, რომ აზრიელი, ქვესკნელის მეფის, ასგორის და ტორიელის შვილია, რომელიც სიკვდილის მერე იმ გამაღიზიანებელ, გენოციდურ ყვავილად Flowey-იდ გადაიქცა, რომელსაც თამაშის დასაწყისში ხვდებით. თუ პაციფისტურ გზას მიყვებით, თქვენ მიერ დანდობილი პერსონაჟები თქვენ გარშემო ერთიანდებიან და აზრიელი თქვენთან ბრძოლის სურვილს კარგავს, უსაზღვრო სიყვარულს ასხივებს, რაც ქვესკნელის კედელს ანგრევს და მონსტრები წყვდიადიდან თავისუფლდებიან. ასეთი სასიამოვნო დასასრულის ხილვის შემდეგ, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და თქვენი ცხოვრება გააგრძელოთ. თუმცა, შეგიძლიათ თამაში ახლიდან დაიწყოთ...
Undertale-ის ახლიდან თამაშის მიზეზი ხშირად ისაა, რომ განსხვავებული გზა შეგიძლიათ აირჩიოთ და ყველა მონსტრი მოკლათ. ამ გზას თუ დაადგებით, ანდაინი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი, რომელიც მიწისქვეშეთს იცავს, კონფრონტაციისას, საინტერესო ფრაზას ამბობს: "ჩვენი ერთადერთი მიზანი გვაქვს — შენი დამარცხება, ადამიანო... უფროსწორად არაადამიანო, რაც არ უნდა იყო". აქ ძალიან საინტერესო იდეა იკვეთება.
თამაშისთვის, თქვენ ადამიანი არ ხართ. თამაშის სამყაროში ადამიანები მონსტრების მსგავსად იბადებიან და კვდებიან, თუმცა თქვენ, როგორც მოთამაშე უკვდავი ხართ. თამაშისას თუ მოკვდით, შეგიძლიათ ბოლო ჩექპოინტიდან დაიწყოთ, ან მთლიანად თამაში გაუშვათ ახლიდან. ეს უსამართლო უპირატესობას გაძლევთ, რადგან პერსონაჟებს თქვენი დამარცხების, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ აქვთ.
Flowey გეუბნებათ, რომ ერთ დროს მასაც იგივე ძალა ჰქონდა და შეეძლო ყველაფერი ახლიდან დაეწყო. ამ ძალას ის სიკეთისთვის იყენებდა, თუმცა დროთა განმავლობაში, უბრალოდ მობეზრდა და ყველა დახოცა, შემდეგ ისევ ახლიდან დაიწყო და ა.შ. ბოლოს იმდენად მოიწყინა, რომ "მთლიანი სამყარო უბრალოდ რიცხვებად და დიალოგის ხაზებად იქცა".
თუ კომპიუტერულ თამაშებს ხშირად თამაშობთ, ალბათ, ეს თქვენთვის ნაცნობი გრძნობაა. ერთი და იგივე თამაშის 100-ჯერ დახურვის შემდეგ, მისი სცენარი ან მისი პერსონაჟები დიდად საყურადღებო აღარაა, თქვენ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა გამოძრავებთ: "დავხურავ თუ არა ამას Hard მოუდში?" ან "დავხურავ თუ არა მთელ თამაშს 3 საათში?". თუ ოდესღაც ემოციურად ინვესტირებული იყავით, ახლა ნაკლებად. იგივე განცდა, ალბათ, მუსიკაზეც გქონიათ. ერთიდაიგივე ალბომს ან სიმღერას მილიონჯერ რომ მოუსმენთ, მერე ის მოსაწყენი ხდება.
Undertale-ის გენიალურობა სწორედ აქ იმალება. ტობი ფოქსმა, ადამიანმა, რომელმაც თამაში შექმნა, იცის რას ნიშნავს კომპიუტერული თამაშების სიყვარული. მან იცის, რატომ თამაშობთ ერთიდაიგივე რაღაცას რამდენჯერმე და რატომ აკეთებთ სხვადასხვა არჩევანს. საბოლოო ჯამში, პერსონაჟების ემპათია ან განადგურების სურვილი, უბრალოდ ცნობისმოყვარეობისგან მომდინარეობს და თამაშმა ეს იცის. მიუხედავად იმისა, რომ Undertale-ის სამყარო ორგანზომილებიანი და პიქსელირებულია, ის თითქოს "ცნობიერი" არსებაა. თქვენ იცით, რომ თამაშს თამაშობთ, თუმცა გრძნობები მაინც გიჩნდებათ.
მე პირადად თამაშის პერსონაჟები იმდენად შემიყვარდა, რომ გენოციდური გზა ვერ გავიარე. პაპირუსს და სანსს (ჩონჩხი პერსონაჟები, რომლებიც ძმები არიან) ვერაფრით ვატკენდი.
რადგან ადამიანებს უცნაური უნარი გვაქვს, არაცოცხალი რაღაცები ცოცხლად აღვიქვათ. სწორედ ამის გამოვლინებით, თვალწარმტაცი ვიზუალების და სახალისო პერსონაჟების დამსახურებით, Undertale ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია, რომელიც ოდესმე მითამაშია.
კომენტარები