მარსის ახალ ფოტოებში მზის სისტემის უდიდესი კანიონი ახლოდან ჩანს
Valles Marineris–ის სახელით ცნობილი, უზარმაზარი კანიონების ეს სისტემა 4000 კილომეტრზე მეტი სიგრძისაა, რაც მარსის გარშემოწერილობის თითქმის მეოთხედია. მარსის გიგანტური კანიონი, დედამიწის Grand Canyon-ზე თითქმის ათჯერ უფრო გრძელია და სამჯერ უფრო ღრმაა. ეს მას მზის სისტემის უდიდეს კანიონად აქცევს. არიზონას უნივერსიტეტის (UA) მიმდინარე კვლევის თანახმად, ის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალიც არის.
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერები კანიონს 2006 წლიდან აკვირდებიან და ამისთვის ძალიან მაღალი რეზოლუციის კამერებს იყენებენ. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, თუ როგორ ჩამოყალიბდა კანიონის ეს მშვენიერი კომპლექსი.
ამ მხრივ, Valles Marineris–ის ახალი საოცარი სურათები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მსგავსი მაღალი რეზოლუციის ფოტოები ამ საიდუმლოს ამოხსნისთვის ნამდვილად საჭირო ინსტრუმენტია.
დედამიწის გრანდ კანიონისგან განსხვავებით, Valles Marineris სავარაუდოა, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში მხოლოდ წყლის დენით არ გამოჭრილა. წითელი პლანეტა ძალიან ცხელი და მშრალია იმისთვის, რათა იქ ამხელა მდინარე ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მკვლევარებმა განაცხადეს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ასობით მილიონი წლის წინ, წყალმა შეიძლება გააღრმავა კანიონის ზოგიერთი არხი.
კანიონის უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, მილიარდობით წლით ადრე გაჩნდა, როდესაც ახლომდებარე ვულკანების სუპერჯგუფებმა ამოხეთქეს.
სავარაუდოა, რომ მაგმამ, რომელმაც გიგანტური ვულკანებიდან ამოხეთქა, პლანეტის ქერქი გაჭიმა და გახია. მილიარდობით წლის შემდეგ კი მივიღეთ ის კანიონები, რასაც დღეს ჩვენ Valles Marineris-ს ვეძახით.
ამასთან, მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მომდევნო მეწყერებმა, მაგმას ნაკადებმა და, დიახ, ზოგიერთმა უძველესმა მდინარემაც კი შეუწყო ხელი კანიონის შემდგომ ეროზიას.
მსგავსი კვლევები ფოტოებზე დაკვირვებით ხდება, შესაბამისად, ახალი ფოტომასალა მეცნიერებს კანიონთან დაკავშირებული კითხვებისთვის პასუხის გაცემაში კიდევ უფრო დაეხმარება.
კომენტარები