Solar Orbiter-ის კოსმოსურმა ხომალდმა პირველად ჩაუფრინა ვენერას
ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს კოსმოსური ხომალდი — Solar Orbiter მზისკენ მიემართება. Space.com აღნიშნავს, რომ მან უკვე ჩაუფრინა ვენერას და შეაგროვა ინფორმაცია "ჯოჯხეთური პლანეტის" შესახებ მაშინ, როდესაც მის აღმოსავლეთ ნაწილთან გაჩერდა. ვინაიდან ტელესკოპი ორიენტირებულია მთავარ მისიაზე, ვენერას ფოტოები არ გვექნება, თუმცა Solar Orbiter-მა შეაგროვა მაგნეტომეტრის, ნაწილაკის, პლაზმისა და რადიო მონაცემები, რაც მეცნიერებს მიაწვდის საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ვენერა მზის ქარებთან.
Solar Orbiter სატელიტია, რომელიც მზეზე დასაკვირვებლად შექმნა ESA-მ (ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ). იგი მიზნად ისახავს მზის შიდა ჰელიოსფეროსა და მზის ქარების დეტალურ შესწავლას, ასევე მზის პოლარულ რეგიონებზე დაკვირვებას. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი პასუხი გაეცემა კითხვას: "როგორ ქმნის და როგორ მართავს მზე თავის ჰელიოსფეროს?" აღნიშნული დაკვირვებების ჩატარება დედამიწიდან ვერ ხერხდება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ Solar Orbiter-იდან მიღებული შედეგების ანალიზს რამდენიმე დღე დასჭირდება და მათ აქვთ მოლოდინი, რომ, ამ მონაცემების საფუძველზე, რაიმე ახლის აღმოჩენას შეძლებენ. თუმცა, გამაოგნებელ სიახლეებს, ალბათ, არ უნდა ველოდოთ — Solar Orbiter არ არის ვენერაზე ორიენტირებული ხომალდი. იგი, ალბათ, ბევრად მეტი ინფორმაციის შეგროვებას შეძლებდა, რომ არა 7500 კილომეტრის სიგრძის მანძილი ხომალდსა და ვენერას შორის.
ამ შემთხვევაშიც კი, ეს ხომალდის შვიდწლიანი მისიის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს Solar Orbiter-ის პირველი ფრენაა და მონაცემების მოპოვების პირველი შესაძლებლობა.
კომენტარები