4 თანამშრომლიანი კომპანია და ნახევარი მილიარდი მოთამაშე ნოემბერში — მათ შორის, კონგრესვუმენიც
დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ადამიანი თამაშობდა Among Us-ს ნოემბერში, რაც კომპანიის InnerSloth-ის ყველაზე მაღალი შედეგია. Nielsen's SuperData–ს თანახმად, Among Us არის "ყველაზე პოპულარული თამაში ყოველთვიური მოთამაშეების რაოდენობის მხრივ".
წარმატება კიდევ უფრო აღსანიშნავია, რადგან InnerSloth კომპანიას მხოლოდ ოთხი თანამშრომელი ჰყავს. რაც ნიშნავს, რომ ერთ თანამშრომელზე, დაახლოებით,125 მილიონი მოთამაშე მოდის. თამაშის პოპულარობის გამო, სტუდიამ გადაწყვიტა თამაშის ახალ ვერსიებზე მუშაობა შეწყვიტოს და ყველა ძალისხმევა მიმართოს ორიგინალის გაუმჯობესებისკენ. თამაშმა მიიქცია ალექსანდრია ოკასიო-კორტესის, ნიუ-იორკის მე-14 ოლქის კონგრესვუმენის ყურადღება.
ოკასიო-კორტესმა Among Us გასტრიმა Twitch პლათფორმაზე და მიაღწია 400 000 მნახველს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალექსანდრია ამ გზით არჩევნებისთვის ახალგაზრდების ხმების მობილიზებას ცდილობდა და საკმაოდ წარმატებითაც გამოუვიდა.
ის ფაქტი, რომ Among Us 500 მილიონი მოთამაშე ჰყავს, აჩვენებს, რომ შესანიშნავი შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ უფასო თამაშის შექმნით, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობებზე. SuperData-ს თანახმად, 500 მილიონი მოთამაშიდან მხოლოდ სამი პროცენტი თამაშობდა PC ვერსიას. შედარებისთვის, Cyberpunk 2077 არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თამაში, რომელმაც ამ თვეში მხოლოდ 13 მილიონი ასლი გაიყიდა.
რა თქმა უნდა, ამ თამაშების ფასებს შორის დიდი სხვაობაა (Among Us უფასოა მობილურისთვის, ხოლო კომპიუტერის ვერსია 5 დოლარი ღირს), მაგრამ ეს გვიჩვენებს, რომ მობილური თამაშების აუდიტორია სხვა პლატფორმებზე ბევრად მეტია. InnerSloth მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ Among Us-მა არ დაკარგოს აქტუალურობა და შეინარჩუნოს მოთამაშეები. კომპანია აპირებს ორგინალი ვერსიისთვის ახალი შინაარსის დამატებას, როგორიცაა AIRSHIP რუკა ახალი დავალებებით, რომელიც დაემატება მომავალი წლის დასაწყისში.
კომენტარები