800 წლის შემდეგ პირველად, "ორმაგ პლანეტას" დღეს თბილისის ცაზეც დავინახავთ
ჩვენი მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, 800 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე ახლოს დღეს იქნებიან ერთმანეთთან, საუკუნეების განმავლობაში ეს მოვლენა შობის დროს ხდებოდა — შესაბამისად, "საშობაო ვარსკვლავის" მეტსახელითაც მოიხსენიებენ.
21 დეკემბრის ღამეს, ჩვენს ცაზე ზამთრის მზედგომაა, იუპიტერი და სატურნი ისე მჭიდროდ დაახლოვდებიან, რომ ორმაგ პლანეტას დაემსგავსებიან. ამ სიახლოვეს უწოდებენ შეერთებას. ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნება კი თბილისიდანაც, დასავლეთის ცაზე, 18:20-დან შეგვიძლია. ამის შესახებ ასტრობიოლოგი მარიკა ტარასაშვილი წერს.
"დასავლეთით, 18.20-დან დააკვირდით საინტერესო ასტრონომიულ სანახაობას — გიგანტი პლანეტების, სატურნისა და იუპიტერის "შეერთებას" ცამრგვალზე. მოვლენა, რომელიც (მხოლოდ დედამიწელი დამკვირვებლის თვალთახედვით!) 800 წელი აღარ განმეორდება", — წერს მარიკა ტარასაშვილი.
"ამ ორ პლანეტას შორის მსგავსი სიახლოვე საკმაოდ იშვიათია, იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს 20 წელიწადში ერთხელ უახლოვდებიან, მაგრამ დღევანდელი დღის მოვლენა გამონაკლისია იმ მხრივ, რომ პლანეტები იშვიათად არიან მსგავს სიახლოვეში, როდესაც ორმაგ პლანეტას ემსგავსებიან", — თქვა რაისის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა, პატრიკ ჰარტიგანმა. მან ასევე დასძინა, რომ — "უკანასკნელად ეს მოვლენა 800 წლის უკან, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა".
თუ ვარსკვლავთა შემსწავლელი ხართ, სავარაუდოდ, შენიშნეთ, რომ იუპიტერი და სატურნი ზაფხულის შემდეგ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ამ დაახლოების პროცესის კულმინაცია კი ამ საღამოს იქნება.
ეს იშვიათი შანსია, დავაკვირდეთ ორი პლანეტა როგორ გამოჩნდება ერთი მნათობის სახით. მოვლენა 21 დეკემბერს, თბილისის დროით 18:20-დან 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. მოვლენისთვის თვალის მიდევნებას პირდაპირი ეთერის დახმარებითაც შეძლებთ.
ამავე თემაზე:
კომენტარები