დარვინი მართალი იყო — მწერები კუნძულებზე ფრენის უნარს გარემოსთან შეგუების გამო კარგავენ
მწერების უმეტესობას ფრენა შეუძლია, მიუხედავად ამისა, მწერების მრავალმა სახეობამ დაკარგა ეს არაჩვეულებრივი უნარი, განსაკუთრებით კუნძულებზე. პატარა კუნძულებზე, რომლებიც ანტარქტიდასა და ავსტრალიას შორის მდებარეობს, თითქმის ყველა მწერის შემთხვევაში ასეთი მოცემულობა გვაქვს.
"რა თქმა უნდა, ჩარლზ დარვინმა იცოდა კუნძულზე მწერების ამ შესაძლებლობის დაკარგვის შესახებ", — ამბობს მონაშის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორი, რეიჩელ ლეიჰი.
დარვინს და ცნობილ ბოტანიკოს, ჯოზეფ ჰუკერს მნიშვნელოვანი არგუმენტები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს. დარვინის მოსაზრება, ეშმაკური და საკმაოდ მარტივი იყო. მისი აზრით, თუ მწერები ეცდებოდნენ გაფრენას, ზღვაში აღმოჩნდებოდნენ. დამატებით, ფრენის პროცესში, მწერებს ხელშემშლელ ფაქტორად კუნძულებზე არსებული გახშირებული ქარები მოევლინებოდათ, ხოლო მწერების ის ნაწილი, რომლებიც ხშირი ფრენით ფრთებს არ დაიღლიდნენ, დარჩებოდნენ ხმელეთზე და შემდეგ თაობებს წარმოქმნიდნენ. შემდეგ თაობებში კი, ევოლუციის კანონი პირნათლად შესრულდებოდა.
ჰუკერმა და სხვა მეცნიერებმა ეჭვი გამოთქვეს დარვინის მოსაზრების წინააღმდეგ. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, მეცნიერთა დისკუსიებში იგნორირებული იყო ანტარქტიდასა და ავსტრალიას შორის არსებული კუნძულები, რომლებიც დედამიწაზე ყველაზე ქარიანი ადგილებია, რაც თავის მხრივ, დარვინის მოსაზრების მართებულობას ადასტურებდა.
ანტარქტიდისა და არქტიკის კუნძულების მწერებზე დაკვირვებისა და მიღებული, ახალი მონაცემთა ნაკრების გამოყენებით, მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს მწერებში ფრენის დაკარგვას, დარვინისეული მოსაზრების გათვალისწინებით.
ისინი ამ ნაშრომებში აჩვენებენ, რომ დარვინი მართალი იყო. არც ერთი სხვა მოსაზრება (მაგალითად ჰუკერის მიერ შემოთავაზებული) არ ხსნის კუნძულზე მცხოვრებ მწერებში, ფრენის უნარის დაკარგვის მოცემულობას.
ქარიან პირობებში მწერებისთვის ფრენის პროცესი უფრო რთულია და ისინი მეტ ენერგიას ხარჯავენ. ამრიგად, მწერები წყვეტენ ენერგიის კარგვას ფრენაში და რესურსებს მიმართავენ გამრავლებისკენ.
"ნიშანდობლივია, რომ 160 წლის შემდეგ, დარვინის იდეები ეკოლოგიის შესწავლაში კვლავ გვეხმარება", — თქვა რეიჩელმა, ნაშრომის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა.
პროფესორმა სტივენ ჩოუნმა, ასევე ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელმა, დასძინა, რომ ანტარქტიდის რეგიონი არის არაჩვეულებრივი ლაბორატორია, სადაც უნდა გამოვიკვლიოთ მსოფლიოს საიდუმლოებები და გადავამოწმოთ დარვინის მნიშნველოვანი მოსაზრებები.
კომენტარები