ბრიტანეთი მწვავე ალერგიის მქონეებს Pfizer-ით აცრისთვის თავის არიდებას ურჩევს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ავტორიტეტები მოსახლეობას აფრთხილებენ, ძლიერი ალერგიული რეაქციების კუთხით გამოცდილების ქონის შემთხვევაში, თავი შეიკავონ Pfizer -ისა და BioNTech-ის ერთობლივი ვაქცინით აცრისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გუშინ, ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ჯერზე, ქვეყანაში ვაქცინის დოზებს რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები იღებენ. აცრილთაგან ორ ადამიანს კი მწვავე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა.
"როგორც დამახასიათებელია ახალი ვაქცინებისთვის, მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA), სიფრთხილის ფარგლებში, გასცა რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც მძიმე ალერგიული რეაქციების გამოცდილება აქვთ, თავი აარიდონ ამ ვაქცინაციას. ეს გუშინდელი ორი შემთხვევის შემდეგ მოხდა, როცა ვაქცინაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების გამოცდილების მქონე ორ პაციენტში არახელსაყრელი რეაქციები მივიღეთ", — ამბობს ნაციონალური ჯანდაცვის სერვისების სამედიცინო დირექტორი — სტეფან პოვისი გავრცელებულ განცხადებაში.
საბედნიეროდ, "ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა", — დასძენს ის.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული ვაქცინის ძირითადი ტესტირებისას ალერგიული რეაქციები არ გაუთვალისწინებიათ, რადგან ასეთი ანამნეზის მქონე ადამიანებს მსგავს კვლევებში არ რთავენ.
"[ვაქცინის] ძალიან ვრცელი კლინიკური კვლევებიდან ვიცით, რომ ეს მისთვის დამახასიათებელი არ იყო", — განუცხადა MHRA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუნ რეინმა მარეგულირებლებს. აღსანიშნავია, რომ გუშინდელს შემდეგ, ბრიტანეთში აცრილი ათასობით ადამიანისგან, არასასურველი რეაქცია მხოლოდ ორ მწვავე ალერგიის გამოცდილების მქონე პაციენტს გამოუვლინდა.
კომენტარები