ბოლო 6 წელი, 2015-იდან მოყოლებული, 2020-ის ჩათვლით 6 ყველაზე ცხელი წელია, მას შემდეგ რაც 1850 წელს, გლობალური ტემპერატურის აქტიური გაზომვა დაიწყო. განცხადებას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ავრცელებს.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერესი ამბობს, რომ 2020 წლის კლიმატის ანგარიში გვაჩვენებს, რამდენად ახლოა კლიმატური კატასტროფა:

"აპოკალიფტური მასშტაბის ხანძრები, წყალდიდობები, ციკლონები და ქარიშხლები ახალი ნორმაა", — განაცხადა გუტერესმა კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას. "კაცობრიობა ბუნების წინააღდეგ იბრძვის. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია. ბუნება პასუხს ყოველთვის აგროვებს და ის ამას მზარდი ძალებით აკეთებს".

2015-ის პარიზის შეთანხმების ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნები გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. მიზანია, რომ გლობალური ტემპერატურის მატება 1,5-2 გრადუსს არ აღემატებოდეს.

თუმცა, გუტერესი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საშუალო გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ ტემპერატურას 1,2 გრადუსით აცდება. არსებობს ალბათობა, რომ 2024 წლისთვის ეს ნიშნული 1,5 გრადუსსაც გადასცდება.

გაეროს განცხადებით, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის წარმოება ყოველწლიურად 6 პროცენტით უნდა შემცირდეს, რათა გლობალური დათბობის კატასტროფული შედეგები ავიცილოთ თავიდან.

კლიმატის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გლობალური ტემპერატურის მატების მთავარი მიზეზი სათბურის აირების ემისიებია, რომელიც თან ახლავს თანამედროვე წარმოებას, ტრანსპორტაციასა და რესურსების მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ წელს სათბურის აირების ემისიები შემცირდა, რადგან პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით წარმოება და ტრანსპორტი შეზღუდა, ამას ტემპერატურის მატების და ემისიების სიხშირის საერთო ტრენდზე უგულებელყოფადი გავლენა ექნება.

სათბურის აირები ატმოსფეროში დიდ ხანს რჩებიან. შესაბამისად, პანდემიის ეფექტი დიდი არ იქნება. დიდი ქვეყნების, ჩინეთის და აშშ-ის ნახშირბად-ნეიტრალურობის დაპირებები დამაიმედებელი ჩანს. თუმცა, წინ დიდი გზაა.

ამავე თემაზე: