ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ ადამიანები მარსზე 6 წელიწადში გაემგზავრებიან
კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, SpaceX-ის დამფუძნებელმა — ილონ მასკმა, CNBC Reports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სავსებით დარწმუნებულია", რომ მისი კომპანია მარსზე ადამიანებს 2026 წლისთვის მაინც დასხამს.
მასკის თქმით, "თუ გაგვიმართლებს, შეიძლება ეს 4 წელიწადშიც მოვახერხოთ", შემდეგ კი მან დასძინა — "გვინდა უეკიპაჟო ხომალდი მარსზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში გავგზავნოთ".
აღსანიშნავია, რომ ეს ამბიციური ვადები დამოკიდებულია SpaceX-ის განვითარებაზე, უფრო კონკრეტულად კი, კოსმოსური ხომალდის StarShip წარმატებაზე. StarShip-მა ინტერპლანეტარული მოგზაურობა უნდა უზრუნველყოს, ამასთან, 100 მგზავრის გადაყვანა და 100 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა უნდა შეძლოს.
SpaceX–მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კოსმოსური ხომალდის განვითარების პროცესში. კომპანიის უახლესი ხომალდი, სახელწოდებით SN8, ამ კვირაში ჩაატარებს თავის პირველ საცდელ ფრენას,15 კილომეტრის სიმაღლეზე.
თუმცა, ჯერჯერობით გაუგებარია, როდის გავა StarShip ორბიტაზე პირველ ასტრონავტებთან ერთად. ოქტომბერში, "მარსის საზოგადოების" ღონისძიებაზე მასკმა თქვა რომ "გვაქვს კარგი შანსი მარსის მეორე სატრანსფერო ფანჯრის გამოსაყენებლად". როცა მარსისა და დედამიწის ორბიტები ერთმანეთს გაუსწორდებიან, ანუ 2024 წელს, ვარაუდობენ, რომ ეს იქნება შესანიშნავი დრო ფრენისთვის.
პირველი პილოტირებული ფრენის დროს, პილოტები დაზღვეულები ვერ იქნებიან. სექტემბერში გამართული Humans to Mars სამიტის დროს, მასკმა ხაზი გაუსვა იმასაც რომ "მოგზაურობა მარსისკენ საკმაოდ რთული და საშიში იქნება", რამაც შესაძლოა ეკიპაჟის წევრების სიკვდილიც გამოიწვიოს.
კომენტარები