როგორ ახერხებენ ალიგატორები კუდის რეგენერაციას — კვლევა
ალბათ, ყველას გსმენიათ შთამბეჭდავი ამბავი იმის შესახებ, რომ ხვლიკებს კუდის დაკარგვის შემთხვევაში, მისი თავიდან გაზრდა — რეგენერაცია შეუძლიათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ერთადერთ ქვეწარმავალს არ წარმოადგენენ, რომლებსაც ამ ჯადოსნური ბიოლოგიური "ტრიუკის" შესრულება შეუძლიათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ამერიკულ ალიგატორებს აქვთ უნარი, ნაწილობრივ აღიდგინონ დაკარგული კუდი.
ლუიზიანას ველური ბუნებისა და თევზრეწვის დეპარტამენტის (LDWF) ბიოლოგებმა შეამჩნიეს ალიგატორები, რომლებიც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ისინი დაკარგულ კუდს თავიდან იზრდიდნენ, მაგრამ ეს საკითხი მაინც შეუსწავლელი იყო და მის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩებოდა. ჟურნალ Scientific Reports-ში ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევა კი პასუხობს ზემოხსენებული შეკითხვების ნაწილს იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს კუდის დაკარგვის შემდეგ ალიგატორის ორგანიზმში და ადასტურებს, რომ მათ მართლაც შესანიშნავი რეგენერაციის უნარი გააჩნიათ.
LDWF-სა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ "ახალგაზრდა ამერიკულ ალიგატორებს მხოლოდ 22 სანტიმეტრამდე სიგრძს კუდის გაზრდა შეუძლიათ, რაც, დაახლოებით, მათი სხეულის სრული სიგრძის 18%-ს წარმოადგენს (საუბარია მხოლოდ ახალგაზრდა ალიგატორებზე)", — წერია არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებაში.
ანატომიური კვლევებისა და ვიზუალიზაციის კომბინაციით, მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ ხდება რეგენერაციის პროცესი:
"გარდა მათი ზომისა, საინტერესო ისაა, რომ ალიგატორების რეგენერირებულ კუდზე, ერთსა და იმავე სტრუქტურაში, აღინიშნება როგორც რეგენერაციის, ასევე ჭრილობის შეხორცების ნიშნები", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი სინდი შუ, რომელიც ამჟამად იკვლევს მყესების რეგენერაციას მასაჩუსეტსის მრავალპროფიულ საავადმყოფოში.
შუმ განაცხადა, რომ გუნდი გაოგნებულლი დარჩა, როდესაც მათ ახლადგაზრდილ კუდში კუნთის ნაცვლად შრამისმაგვარი შემაერთებელი ქსოვილი აღმოაჩინეს. მან ტვიტერ-ის საშუალებით გამოაქვეყნა ერთ-ერთი კუდის ფოტოსურათი, საიდანაც აშკარაა, რომ იგი საწყისი კუდისგან ძალიან განსხვავდება.
ეს აღმოჩენა გარკვეულ კითხვებს ბადებს, რომელთაც შორეულ წარსულში, ალიგატორებისა და ფრინველების წინაპარ დინოზავრებამდე მივყავართ.
"ჩვენი აღმოჩენა იმის შესახებ, რომ ალიგატორებმა მოახერხეს იმ უჯრედული მექანიზმის შენარჩუნება, რომელიც კუდის რეგენერაციისთვისაა საჭირო, საკმაოდ საინტერესოა, რადგან ფრინველებს ეს თვისება არ აღმოაჩნდათ. შესაბამისად, ახლა მთავარ კითხვას ის წარმოადგენს, თუ ევოლუციის რომელ ეტაპზე დაკარგეს მათ ეს უნარი", — ამბობს კვლევის თანაავტორი, კენრო კუსუმი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
თუმცა, ეს კვლევა მხოლოდ წარსულს არ უკავშირდება. ახალგაზრდა ალიგატორებში კუდის რეგენერაციის მექანიზმის გარკვევა, შესაძლოა, მედიცინის მიმართულებითაც საკმაოდ საინტერესო შედეგის მომტანი იყოს.
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, "მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი თერაპიული მიდგომების აღმოჩენას, რაც შეიძლება, საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდეს ტრავმებისა და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც ართრიტია".
კომენტარები