YouTube-ზე ვიდეოების ქვესათაურებს ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს
რამდენიმე თვის წინ Youtube-მა ახალი ფუნქცია სახელად Youtube Chapters დაამატა, რაც გულისხმობს ვიდეოების ნაწილებად დაყოფას და მათთვის ქვესათაურების მინიჭებას. აღნიშნული მიდგომით, მაყურებელს გრძელი ვიდეოების ყურება უადვილდება და მეტიც, ამით დროის დაზოგვაც ხშირად ხდება შესაძლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფუნქციის გამოსაყენებლად ვიდეოს ავტორის მხრიდან საჭიროა მისი მექანიკური გააქტიურება.
თუმცა დღეიდან, Youtube Chapter-ს დაემატება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. თუ აქამდე, ვიდეოს შემქმნელებს ხელოვნურად უწევდათ ვიდეოს მონაკვეთების გამოყოფა/დასათაურება, ახლა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ეს პროცესი ავტომატურად შესრულდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: სისტემა აქტიურად კითხულობს აუდიო ტექსტს ვიდეოდან და ცდილობს თვითონ მიხვდეს, თუ რომელი სათაური რომელ ნაწილს ერგება.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ინოვაციაა, რა სჯობს, გამოტოვო დასპონსორებული რეკლამები ვიდეოში და ზუსტად რომელი მონაკვეთიც გაინტერესებს, იმაზე გადაახვიო, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს AI YouTube-ზე ახალი დამატებულია და ჯერჯერობით, გამართულად ვერ მუშაობს. მაგალითად, ვიდეოში თუ ავტორმა “რბილი“ გადასვლა გააკეთა ერთი თემიდან მეორეზე, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი ვერ მიხვდება როგორ დაყოს ვიდეო.
ამ ეტაპზე, აღნიშნული AI მხოლოდ მოკლე ვიდეოებზე იმუშავებს, ეს კი კარგი საშუალებაა მისი მუშაობის ეფექტიანობის დასატესტად. ხარვეზების გასწორების შემდგომ, მას გრძელ ვიდეოებშიც შევხვდებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება თავიდან სისტემა დიდი სიზუსტით ვერ გამოირჩეოდეს, თუმცა, მომავალში მისი დახვეწა რეალური მიზანია.
კომენტარები