ილიაუნის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის გამარჯვებული გამოვლინდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის Georgia - Educational Games Hackathon გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ეს არის გუნდი სახელად ENDER, რომელიც საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას.
ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის ფინალი 15 ნოემბერს გაიმართა. ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა 24-მა გუნდმა მიიღო.
გუნდები ორი დღის განმავლობაში გადიოდნენ აქტიურ მენტორინგსესიებს და მუშაობდნენ თავიანთი იდეების დახვეწასა და პროტოტიპების ჩამოყალიბებაზე. მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ლექციებს უტარებდნენ სპიკერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ხელმძღვანელი, პროფესორი სანდრო ასათიანი, ილიაუნის ლექტორი, ანტერპრენერი დავით ჩეჩელაშვილი.
პროექტში ჩართულ 24 გუნდთან 80 მენტორინგსესია იყო ჩანიშნული, მუშაობის დასრულების შემდგომ, ფინალურ ეტაპზე, ჟიურის წინაშე წარდგა 22 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდა პროექტის საბოლოო გამარჯვებული.
ჟიურის წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ "ილიას უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების განვითარებაზე, გარდა უახლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა ინჟინერიის მიმართულებით, ტექნოლოგიების სკოლა ცდილობს, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის განახორციელოს ისეთი საინტერესო ღონისძიებები, როგორებიცაა: ტრენინგები სხვადასხვა ტექნოლოგიაში, კონკურსები, ჰაკათონები და სამეცნიერო ბანაკები".
"ჩვენი პროექტის მიზანია პანდემიის დროს და შემდეგაც, სასწავლო პროცესი არ იყოს მოსაწყენი და საგანმანათლებლო თამაშებითა და ინტერაქციით შეძლონ ახალგაზრდებმა პროცესის გამრავალფეროვნება. ჩემი გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი ჟიურის წევრებსა და პარტნიორებს, რომ ჩვენი პროექტი საუკეთესოდ მიიჩნიეს და გლობალურ ჰაკათონზე ასპარეზობის შესაძლებლობა გვექნება", — განაცხადა გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მელაძე-ჯაიანმა.
როგორც უკვე ვთქვით, ჰაკათონზე პირველი ადგილი გუნდმა ENDER დაიკავა. გუნდის წევრები კი ნიკოლოზ თბილელი და ნიკოლოზ მელაძე-ჯაიანი არიან. გამარჯვებული გუნდის პროექტის მიზანი იყო პანდემიის დროს და შემდეგაც სასწავლო პროცესი არ ყოფილიყო მოსაწყენი და ახალგაზრდებს საგანმანათლებლო თამაშებითა და ინტერაქციით შეძლებოდათ მისი გამრავალფეროვნება. მათი იდეა Super Mario Effect-ზეა დაფუძნებული.
პროექტის ფარგლებში შექმნილი თამაშის სადემონსტრაციო ვიდეოს ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ.
გამარჯვებულ გუნდს სექტორ 3-ისა და ფონდ „პროდემოსისგან“ გადაეცა ჯილდო 2000 ლარის ოდენობით; გუნდის თითოეული წევრი პროექტის პარტნიორისგან „თიბისი ახალი თაობისთვის“ ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერით, ხოლო ალტასგან Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენით დაჯილდოვდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული: გუნდი Nameless გახდა. გუნდი ორ წევრს — მურთაზ ბოლქვაძესა და სალომე კვირიკაშილს აერთიანებდა. აღნიშნული გუნდის პროექტის მიზანია ქალთა ისტორიების გაცოცხლება, ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლება. მათი იდეა მოიცავს ანიმაციურ თამაშს, რომელშიც ასახულია XIX-XX საუკუნეში მოღვაწე ქალების ისტორიები და პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რჩეულ გუნდს 1500 ლარის ოდენობის პრიზი გადსცა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი კი Quick Game გახდა. ეს ქვიზის ტიპის თამაშია, რომლის მიზანია პედაგოგებს გაუადვილოს მუშაობა მარტივი ინტერფეისითა და ფუნქციონალით, მოსწავლეებს კი გაუხალისოს სწავლების პროცესი მარტივი ტესტური დავალებებით. გუნდის მიერ შემუშავებულ თამაშს ექნება ორი მხარე – როგორც მასწავლებლის სამართავი პანელი, ისე მოსწავლის გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება ყოველ ნაბიჯზე შედეგის ნახვა.გუნდის წევრები გიორგი ნადირაძე, დავით ნოზაძე და გიორგი შარმიაშვილი იყვნენ. მათ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 1500 ლარის ოდენობის თანხა მიიღეს.
"საუკეთესო ღონისძიება იყო, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა, რადგან პროექტმა საშუალება მოგვცა, მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები დავკავშირებოდით ერთმანეთს და გვემუშავა საგანმანათლებლო სივრცის გამრავალფეროვნებაზე", – აღნიშნა პროექტის მონაწილემ, ევროპის სკოლის მასწავლებელმა დავით ნოზაძემ.
გამარჯვებულების გამოვლენის გარდა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბმა მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს “ნეიტრონი” დაპროგრამებისა და თამაშების განვითარების უფასო კურსები გადასცა. გუნდის წევრები იყვნენ მოსწავლეები — ბაია გრძელიშვილი, დაჩი გრძელიშვილი, ნინო მაჭარაშვილი. მათი იდეა გულისხმობს ორგანზომილებიანი თამაშის შექმნას, რომელშიც მოთამაშეებს საშუალება ექნებათ შეასრულონ დავალებები ჯგუფურად ან ინდივიდუალურად და ამით დააგროვონ ქულები.
ანიმაციის ბმული: https://quick-game-eduhack.herokuapp.com/game/
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის ფაბლაბ ილიაუნი და ზუმაუთი პროექტში მონაწილე გუნდებს ჩართავს აქსელერაციის პროგრამაში და დაეხმარება იდეების დამუშავებასა და საგრანტო კონკურსებისთვის მომზადებაში.
"ფაბლაბ ილიაუნისთვის მსგავს პროექტებზე მუშაობა და სტუდენტებისთვის ინოვაციური აზროვნების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა პროექტს, რომლებიც წარმოდგენილი იყო, შევთავაზებთ აქსელერაციის პროგრამას, რომელშიც ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბთან ერთად ილიაუნის აქსელერატორი ზუმაუთიც ჩაერთვება", — ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფაბლაბ ილიაუნის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი.
ჰაკათონოს პარტნიორები იყვნენ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თიბისი ახალი თაობისთვის, Sector 3 და ფონდი პროდემოსი, Alta, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, Marketer.ge, NEXT.On.ge და CG Georgia.
კომენტარები