ვირტუალური მაკიაჟის ხაზი — L’Oreal-ის ციფრული პროდუქტი ვიდეოზარებისთვის
პანდემიის პირობებში კოსმეტიკური კომპანიებიც უცნაური გამოწვევების წინაშე არიან. სხვა ტიპის კომპანიების მსგავსად, მათაც უწევთ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი თანამედროვე, პანდემიით განპირობებულ მოთხოვნებს მოარგონ. განსაკუთრებით საინტერესო კი, ამ კუთხით, L’Oreal-ის გადაწყვეტაა.
თუ სხვა მსგავსი კომპანიები, პანდემიის დროს, ელექტრონული კომერციის კუთხით დგამენ ახალ ნაბიჯებს, L’Oreal-მა გადაწყვიტა ვირტუალური მაკიაჟის ხაზი შეექმნა. ასე, ვიდეოკონფერენციებისთვის მომზადება გაცილებით მარტივი იქნება, "მაკიაჟის" მოშორება კი აღარ დაუკავშირდება უსიამოვნო პროცედურებს.
პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესი უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა, ბრენდები კი, სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტით, ცდილობენ ამ ახალ რეალობაში ადაპტირებას. ამ მცდელობის ფარგლებში, L’Oreal-მა გაფართოებული რეალობის ფილტრების ნაკრები წარადგინა, რომელსაც “virtual makeup”-ს უწოდებს. მართალია, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების საკუთარ სახეზე გაფართოებული რეალობის ფილტრით გამოცდა აქამდე შეგვეძლო და ამას სხვადასხვა აპლიკაციით, მათ შორის, YouTube-ითაც ვახერხებდით, თუმცა, ეს პანდემიისდროინდელ საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტები ნაკლებად იყო.
L’Oreal-ის სილამაზის ციფრული პროდუქტები, ანუ ვირტუალური მაკიაჟის ხაზი, გაფართოებული რეალობის ფილტრების სახით, უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგ პლატფორმებზე — Instagram, Snapchat, Snap Camera და Google Duo. ხოლო ფილტრების ნაკრებს “Signature Face" ჰქვია.
"ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ისედაც მშვენიერები ხართ, თუმცა სამყაროში, სადაც კამერა ყოველთვის ჩართულია, თუ სხვადასხვა ფილტრით თამაშს გადაწყვეტთ, ვფიქრობთ, ესეც მშვენიერია. წარმოგიდგენთ თანამედროვე მაკიაჟის სრულიად ახალ გამოცდილებას", — ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
l’Oreal-მა ვირტუალური მაკიაჟის გაფართოებული რეალობის ფილტრები Modiface-თან თანამშრომლობით შექმნა. ეს არის მსგავსი ფილტრების მიმართულებით სპეციალიზირებული კომპანია, რომელიც l’Oreal-მა 2018 წელს შეიძინა.
კომენტარები