Honda თვითმართვადი მანქანების გაყიდვას იწყებს
Honda გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მიიღო ნებართვა იაპონური რეგულატორისგან და გაყიდის Level 3-ის ავტონომიურ მანქანებს. მეტიც, კომპანიის თქმით, ის მსოფლიოს მასშტაბით პირველია, ვინც ავტონომიური მანქანების გაყიდვას იწყებს.
"მსოფლიოში პირველად ხდება, რომ ავტომწარმოებელი იღებს [Level 3] ტიპის ნებართვას", — განუცხადა Honda-ს წარმომადგენელმა Agence France-Presse-ს.
Honda-ს ავტონომიური მანქანა Honda Legend იაპონიაში, 2021 წლის მარტამდე იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია აცხადებს, რომ მოდელში უახლეს თვითმართვად ტექნოლოგიას გამოიყენებს.
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ Level 3-ს, ცნობილია, რომ მსგავსი ტრანსპორტის შეფასება Level 0-დან იწყება და Level 0 აღნიშნავს მანქანას, რომელსაც ადამიანი მართავს. ყველაზე მაღალი საფეხური კი, ამ კუთხით, Level 5-ია, რომელიც სრულ ავტონომიურობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტს ადამიანის მინიმალური ჩარევაც კი არ სჭირდება. ხოლო Honda Legend Level 3 ტრანსპორტია, რომელსაც შეუძლია ადამიანისგან დამოუკიდებელი მართვა, სიჩქარის გადართვა და კონკრეტულ სცენარებზე რეაგირება. მაგალითად, დაბრკოლებების გადალახვისას სიჩქარის შენელება, საჭის მობრუნება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნოლოგია 2019 წელს, Audi-მაც გამოიყენა მოდელ A8L-ში, თუმცა, რეგულატორის უარის შემდეგ, კომპანიას მანქანის Level 2-ზე დატოვება მოუხდა. გარდა ამისა, ავტომწარმოებელი Waymo-ც ირწმუნება, რომ მათ Level 3-ს მიაღწიეს, თუმცა, ამ მოდელზე ბევრი არაფერია ცნობილი და მით უმეტეს, მისი გაყიდვების დაწყებაზეც არავინ საუბრობს.
ავტომწარმოებლების ამ ერთგვარ რბოლაში Honda-ს აშკარა დაწინაურების მიღმა, ეს მოვლენა საკმაოდ საინტერესო პრეცედენტია. ფაქტობრივად, სამომხმარებლო თვითმართვადი მანქანების ერა 2021 წლის მარტში იწყება, ანუ მაშინ, როცა იაპონელი მომხმარებელი Honda-ს Level 3 თვითმართვად მანქანა Legend-ს იყიდის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები