რატომ არ არსებობს კიბოს წამალი
ადამიანები უჯრედების ერთი დიდი შეკვრა ვართ და ჩვენი უჯრედები ერთმანეთთან მუდმივად ურთიერთქმედებენ, ცვლიან "ინფორმაციას", ნივთიერებებს... წარმოქმნიან ქსოვილებსა და ორგანოებს. სკოლაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ უჯრედი სიცოცხლის ყველაზე მარტივი ერთეულია და ის სიცოცხლის საწყისიცაა.
თუმცა, კომპლექსურ ორგანიზმებში, როგორიც ადამიანია ან ნებისმიერი მრავალუჯრედიანი არსებაა, უჯრედებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვთ — ისინი კვდებიან. დაბადებიდან მოყოლებული, ჩვენი უჯრედების უმეტესობა ახალი, პრაქტიკულად იდენტური "კლონებით" ჩანაცვლდა.
უჯრედების წარმოქმნა ძალიან მკაცრად რეგულირებული პროცესია, ამგვარად, ჩვენი სხეულის და ორგანოების ზრდა ლიმიტირებულია. თუმცა, ხანდახან უჯრედები, გარკვეული ბიოლოგიური ხარვეზების გამო, ძალიან სწრაფად და ჭარბად მრავლდებიან. ასეთი უკონტროლო ზრდა ხშირად სიმსივნეს წარმოქმნის, ანუ პათოლოგიური უჯრედების აგრეგატს, რომელიც ზრდას თითქმის არ წყვეტს.
ჯანმრთელ სხეულში დაზიანებული უჯრედები "აპოპტოზით" კვდებიან. აპოპტოზი ორგანიზმის რეგულირებულ, უჯრედების "პროგრამირებულ" სიკვდილს ეწოდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უჯრედები მიზანმიმართულად იკლავენ თავს, ან მათ ჩვენი ორგანიზმი თავისით კლავს. ეს ჩვენი სხეულისთვის, სიცოცხლის ყველა ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია.
მაგალითისთვის, ადამიანის ნაყოფის განვითარებისას, ჩვენ ცალკეული თითები გვივითარდება, რაც იმის დამსახურებაა, რომ ნაყოფის თითებს შორის არსებული შემაერთებელი ქსოვილი აპოპტოზს განიცდის და ის აღარ რეგენირდება.
სიმსივნურ უჯრედებში აპოპტოზის უნარი ხშირად დაქვეითებული ან დაგვიანებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები იზრდებიან, იზრდებიან და არ კვდებიან. აპოპტოზის უნარის დაქვეითება და უჯრედების უკონტროლო დაყოფა სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია.
დროთა განმავლობაში, სიმსივნურ დაავადებებსა და მის მოლეკულურ, ისევე როგორც გენეტიკურ მექანიზმზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ზოგი სიმსივნის შემთხვევაში ისიც კი ვიცით რა გენები და ცილები, ისევე როგორც რა ბიოლოგიური მექანიზმები განაპირობებენ მათ აღმოცენებას, რის გამოც ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ არ გვაქვს კიბოს წამალი?
ვაქცინაცია და ანტიბიოტიკები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან ძალიან კარგად გვიცავს, ცხადია ხანდახან, ისეთი დაავადებებიც მომაკვდინებელია, რომელთა წამალიც გვაქვს, თუმცა სხვადასხვა დაავადებებისგან განსხვავებით, კიბოს მკურნალობა ძალიან რთულია. რატომ?
სანამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ტერმინოლოგიას შევეხოთ. სტატიის ფარგლებში, კიბოს ვეძახით ავთვისებიან სიმსივნეს. ავთვისებიანი სიმსივნე გამოირჩევა უჯრედების პათოლოგიური გამრავლებით და სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელების პოტენციალით. კეთილთვისებიანი სიმსივნე კი სიმსივნური უჯრედების აგრეგატია, რომელიც ლოკალურად ვითარდება და სხეულის სხვა ადგილებზე არ ვრცელდება.
რა ვიცით და არ ვიცით კიბოზე
2019 წლის მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნე ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანს კლავს. 2015 წელს ის 90 მილიონამდე ადამიანს დაუდგინდა. გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, კიბო ყველაზე მაღალ სიკვდილიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევა კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობის 22%-ს უკავშირდება, რაც წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ავთვისებიანი სიმსივნე, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, განვითარებულ ქვეყნებში ბევრად ხშირია.
ისიც საინტერესოა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, ხშირად, ძალიან განსხვავებული სიმსივნეები უვითარდებათ. მაგალითად, 15 წლამდე ბავშვებში ლეიკემია და ტვინის კიბო უფრო გავრცელებულია, ზრდასრულებში კი ფილტვის, მკერდის, პროსტატის და კუჭის სიმსივნე.
სტატისტიკური მიმოხილვა დროებით გვერდზე გადავდოთ და მივუბრუნდეთ ჩვენ მთავარ კითხვას, კერძოდ, რატომ არ გვაქვს კიბოს წამალი?
ამ კითხვას ხშირად იმიტომ სვამენ, რომ საზოგადოებაში კიბოზე არასწორი წარმოდგენა არსებობს. კიბო რაიმე ერთი დაავადება არაა, არამედ ის აერთიანებს ასობით სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებას. ეს იგივენაირი კითხვაა, როგორც "რატომ არ არსებობს ინფექციური დაავადებების წამალი".
არ არსებობს ერთი უნივერსალური წამალი, რომელიც ყველანაირ ინფექციურ დაავადებას უმკურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინფექციურ დაავადებას მსგავსი პათოფიზიოლოგია აქვს.
ამასთანავე, სიმსივნე შეიძლება ბევრი სხვადასხვა გარემოების გამო განვითარდეს, მის ჩამოყალიბებას ხანდახან ხელს უწყობს დაქვეითებული იმუნიტეტი, ინფექციური დაავადებები, ცხოვრების სტილი, რადიაცია და ა.შ.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ძალიან რთულია და კიბოს წამლები, რომლებიც ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოიცადა, რეალური გამოყენებისას ისეთივე წარმატებული ხშირად არ არის. ამას თავისი მიზეზები აქვს.
რატომაა კიბოს მკურნალობა ხშირად არაეფექტიანი
როდესაც ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდება, ძირითადად, მკურნალობის კურსი შემდეგნაირია: პირველ რიგში, ქირურგიული ჩარევით ხდება სიმსივნის მოცილება, შემდეგ პაციენტი სხივურ და ქიმიოთერაპიას გადის, რათა სხეულში გავრცელებული სიმსივნური უჯრედები განადგურდეს. ამას შეიძლება დაემატოს ჰორმონალური და იმუნური თერაპია და სხვადასხვა მკურნალობის კურსები იმის მიხედვით, თუ სად და რა ტიპის სიმსივნე აქვს პაციენტს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული მკურნალბოის მეთოდები ხშირად საკმაოდ წარმატებულია, 100%-იანი წარმატება ძალიან იშვიათია. ადგილი აქვს ხოლმე რემისიას, ანუ კიბო თითქოს "გამქრალია", თუმცა შემდგომ ის ბრუნდება.
სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი პრობლემა უშუალოდ კიბოს შესწავლის მეთოდოლოგიიდან მომდინარეობს. როდესაც მეცნიერები გარკვეული სიმსივნური დაავადების მკურნალობაზე და წამლის ძიებაზე მუშაობენ, ისინი ექსპერიმენტებს, ძირითადად, ლაბორატორიულ პირობებში ადამიანებისგან შეგროვებულ სიმსივნურ უჯრედებზე ატარებენ.
ახალი წამლები, რომლებიც ლაბორატორიაში არსებულ სიმსივნურ უჯრედებზე წარმატებით მუშაობენ, კლინიკური ტესტებისას, პაციენტებში იგივე წარმატებას ვერ აღწევენ. ამის მიზეზი ისაა, რომ კიბო ადამიანის სხეულში ლაბორატორიისგან განსხვავებულად "იქცევა".
ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედები მუდმივად იცვლება, შესაბამისად, ყალიბდება სიმსივნური უჯრედების განსხვავებული პოპულაციები. სხვადასხვა პოპულაციის უჯრედები ერთმანეთისგან ხშირად ოდნავ განსხვავდებიან ხოლმე, თუმცა მცირედი განსხვავებაც კი ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლად შემუშავებულმა წამალმა შეიძლება კონკრეტული პოპულაციის სიმსივნური უჯრედები მოკლას, თუმცა, დანარჩენზე არ იმქომედოს. ამასთანავე, კიბოს დიაგნოსტირება ხშირად საკმაოდ გვიან ხდება. ანუ, როცა სიმსივნური უჯრედები სხვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოებზეც ვრცელდება (მეტასტაზები).
ზოგი კიბო ძალიან რთული მოსახელთებელია. მაგალითად, ანდროგენებზე დამოკიდებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში, პროსტატის უჯრედების ნაადრევი დაბერება ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ანდროგენების დონე ჯანმრთელ და კიბოან პროსტატაში ერთნაირია.
პროსტატის დაბერებული უჯრედები შემდგომ ქემოკინების და ინტერლეიკინების წარმოებით, სიმსივნურ უჯრედებს უდებენ დასაბამს.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, არსებობს ეგრეთ წოდებული სიმსივნური ღეროვანი უჯრედები. ჩვეულებრივი ღეროვანი უჯრედების მსგავსად, ისინი სხვადასხვა ტიპის უჯრედებად დიფერენცირდებიან, თუმცა, ამ შემთხვევაში, სიმსივნური ღეროვანი უჯრედები სიმსივნურ უჯრედებს წარმოქმნიან.
ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტმა კიბო დაამარცხა, ერთი სიმსივნური ღეროვანი უჯრედიც თუ დარჩა, მაშინ კიბოს ხელახალი აღმოცენება ალბათურია. ხოლო კიბოსთან ბრძოლის დამაიმედებელი და პოტენციალის მქონე სფერო გენური თერაპიაა.
სხვადასხვა ტიპის კიბოებს გენეტიკური მარკერები აქვთ. იმის გამო, რომ სიმსივნე, რეალურად, გენეტიკური მუტაციების გამო ვითარდება, მეცნიერები თანდათან ისეთ გენებს პოულობენ, რომელიც ადამიანებს სიმსივნისკენ მიდრეკილს ხდის. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში ასეთი გენების დამიზნებით და განეიტრალებით, კიბოს განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
კიბოსთან ბრძოლა რთული კიდევ იმიტომაა, რომ სიმსივნური უჯრედები იმუნურ სისტემას ატყუებენ, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმი ავტომატურად ვერ ხვდება, რომელი უჯრედია ანომალიური და რომელია ჩვეულებრივი. შესაბამისად, სიმსივნური უჯრედები სისხლით და ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებებით იკვებებიან და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. სიმსივნის "კვების წყაროს" შეზღუდვა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლას ამარტივებს, თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან კიბოს უჯრედები ჩვეულებრივ უჯრედებში არიან გარეული.
კიბოს მომავალი და პრევენცია
სტატიაში აღვნიშნეთ, რომ კიბო და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა განვითარებულ ქვეყნებში უფრო ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება ამ ქვეყნებში საკმაოდ დახვეწილია. ეს ფენომენი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებში ბევრად მაღალია. დროთა განმავლობაში სიმსივნის განვითარების ალბათობა კი იზრდება. ანუ, რაც უფრო დიდ ხანს ცხოვრობთ, მით უფრო დიდი შანსია, რომ კიბო დაგემართოთ.
თუმცა, სიმსივნის განვითარება გარდაუვალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კიბო ძალიან საშიშია, მისი მკურნალობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაბამისად, ადამიანებს კიბო უფრო და უფრო გვიან ემართებათ და დიაგნოზის დასმის შემდეგ, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ.
მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით, კიბოთი გარდაცვლილთა 46% 70 წელს გაგადაცილებული იყო. დიაგნოზის დასმიდან მომდევნო 5 წელში, გადარჩენის პროცენტული მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ყველა ტიპის კიბოსთვის იზრდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელი ცხოვრებით, კიბოს პრევენცია შესაძლებელია. მაგალითად, ფილტვის კიბოს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა (80-90%) მწეველებში გვხვდება. სიგარეტის მოწევა კი კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობის 22%-ს შეადგენს.
კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 10% ჭარბწონიანობასა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთანაა დაკავშირებული. ხვალ ყველა მწეველმა სიგარეტს თავი რომ გაანებოს და ადამიანებმა ჯანსაღი კვება დაიწყოს, კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობა მომავალში კოლოსალურად შემცირდება.
შეიძლება კიბოს უნვიერსალური წამალი არასდროს გვქონდეს, თუმცა კიბოსთან ბრძოლის დაწყება მანამდე შეგვიძლია, სანამ ის დაგვემართება.
კომენტარები