უძველესი მეტეორიტის ანალიზის მიხედვით, მარსზე წყალი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენამდე იყო
ჩვენთვის ცნობილია, რომ მარსი ოდესღაც იმაზე სველი იყო, ვიდრე დღესაა, მაგრამ იმ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ როდის წარმოიქმნა და აორთქლდა წყალი წითელ პლანეტაზე, ძალიან რთულია.
თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, წყალი წითელ პლანეტაზე 4,4 მილიარდი წლის წინ არსებობდა, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ.
კვლევა მეტეორიტ NWA 7533-ის ანალიზზეა დაფუძნებული, რომელიც საჰარის უდაბნოში იპოვეს და მიიჩნიეს, რომ იგი მარსზე მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა. წყლის არსებობაზე მეტეორიტის შიგნით არსებული კონკრეტული დაჟანგული მინერალები მიგვანიშნებს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ წყალი მარსზე 3,7 მილიარდი წლის წინ წარმოიქნა.
"მე მარსის მეტეორიტების მინერალებს ვსწავლობ, რათა მარსის წარმოქმნის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი განსაკუთრებული მეტეორიტი გამოვიკვლიე. NWA 7533-ის ნიმუშებს ძალიან ბევრი ანალიზი ჩაუტარდა, შედეგები კი ნამდვილად განსაცვიფრებელია", — განაცხადა ტოკიოს უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მკვლევარმა — ტაკაში მიკუჩმა.
მეცნიერები პლანეტებსა და თანამგზავრებზე წყლის წარმოქმნის ისტორიით განსაკუთრებულად დაინტერესებულები არიან. ერთ-ერთ ყველაზე დიდ პასუხგაუცემელ კითხვას ის წარმოადგენს, წყალი პლანეტარულ ობიექტზე მისი წარმოქმნის შემდეგ, ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით ჩნდება თუ პლანეტის წარმოქმნის პროცესისას, ბუნებრივად წარმოიქმნება.
ისეთი უძველესი ქვები, როგორიც NWA 7533-ია, მეცნიერებს ერთგვარ დროში მოგზაურობასა და მათი ისტორიის გაგებაში ეხმარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების დაჟანგვა წყლის არსებობის პირდაპირი ნიშანია.
როგორც გაირკვა, მარსზე წყალი მისი წარმოქმნისთანავე არსებობდა, ეს ფაქტი კი პლანეტების წარმოქმნის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
მარსის სიღრმისეული კვლევები მუდმივად მიმდინარეობს: მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როდის იყო პალნეტაზე წყალი წარმოდგენილი და როგორი ფორმა ჰქონდა მას.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები