პირველ MacBook Air-ს, რომელიც Apple-ის წარმოებულ პროცესორზე იმუშავებს, რამდენიმე დღეში ვიხილავთ
10 ნოემბერს, Apple ღონისძიება One More Thing-ს გამართავს, რომელზეც კომპანია ახალ MacBook-ს წარადგენს. ცნობილია, რომ ეს იქნება მაკბუკის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ARM არქიტექტურაზე დაფუძნებულ, Apple-ის მიერვე შექმნილ პროცესორზე იმუშავებს. Bloomberg-ის ცნობით, პრეზენტაციაზე კიდევ სამ ლეპტოპს ვიხილავთ, ესენია: 13 დიუმიანი MacBook Air და ორი სხვადასხვა ზომის MacBook Pro-ს მოდელი (13 და 16 დიუმიანი). თუმცა ამ უკანასკნელებს, ჯერჯერობით, Intel-ის პროცესორი ექნებათ.
ის, რომ Apple საკუთარი წარმოების პროცესორებზე გადადის, 2020 წლის ზაფხულს გახდა ცნობილი. ახლა კი, უკვე დიდი შანსია, მან საკუთარ ARM პროცესორზე მომუშავე ლეპტოპი წარგვიდგინოს.
ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, Apple CEO-მ — ტიმ კუკმა განაცხადა, რომ კომპანიას ARM-ზე მომუშავე მაკებზე სრულად გადასასვლელად ორი წელი დასჭირდება. ამ ორი წლის ათვლა კი, როგორც ჩანს, 10 ნოემბრის ღონისძიებიდან უნდა დავიწყოთ.
საკუთარი წარმოების პროცესორებზე გადასვლის გადაწყვეტილება Apple-ისთვის ისტორიულია. ბოლოს ეფლმა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2005 წელს მიიღო, როცა სცენაზე გამოსულმა სტივ ჯობსმა PowerPC-დან ინტელის პროცესორებზე გადასვლის გადაწყვეტილება გაახმოვანა. ამ ანონსის შემდეგ, ინტელის პროცესორზე მომუშავე ახალი მაკი 2006 წელს გამოჩნდა.
ამჯერად კი, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება კომპანიამ იმის შემდეგ მიიღო, რაც Intel-ის პროცესორებში წარმადობის ზრდის ტემპი შენელდა. კომპანიის შიდა ტესტირებამ აჩვენა, რომ ARM პროცესორები მაკში, ინტელთან შედარებით, წარმადობის ბევრად მაღალ ნიშნულს აღწევენ. ამასთან ერთად, ARM პროცესორების ენერგოეფექტიანობა კომპანიას უფრო თხელი და მსუბუქი მაკბუკების წარმოების საშუალებას მისცემს, რომლებიც უცვლელად MacOS-ზე იმუშავებს.
კომენტარები