Breathonix სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც იმედოვნებს, რომ კორონავირუსის ტესტირებას უფრო სწრაფსა და ხელმისაწვდომს გახდის. ვირუსზე ტესტირება, ძირითადად, ცხვირიდან აღებული ნაცხის PCR ტესტირებით ხდება, რასაც საკმაო დრო სჭირდება და ესეც რომ არა, ტესტებზე დიდი მოთხოვნაა.

სტარტაპის მიერ შექმნილი პროდუქტი ნაცხის აღების გარეშე მუშაობს, მხოლოდ ჩაბერვას საჭიროებს. ამ გზით ის კორონავირუსს 90%-ზე მეტი სიზუსტით ამოიცნობს. პროდუქტის პირველი კლინიკური ტესტი დამაიმედებელია და სტარტაპის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მისი ფართო გამოყენება შემდეგი წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ფოტო: Breathonix

Breathonix-ის მიხედვით, ახალი ჩასაბერი ტესტი 20$ ღირს და PCR-ის ტესტზე 70%-ით იაფია, თუმცა, ინფიცირებულ პაციენტებს უფრო ზუსტი PCR ტესტები დიაგნოზის დადასტურებისთვის, ალბათ, მაინც დაჭირდებათ.

"ჩასაბერი ტესტი უფრო მეტად პირველადი სკრინინგის ხელსაწყოა", — ამობს Breathonix-ის დამფუძნებელი ჯია ზუნანი. მისი გამოყენება კონფერენციებზე, კონცერტებზე და მსგავს ღონისძიებებზე შეიძლება.

ჩასაბერი ხელსაწყო პატარა კომპიუტერით არის აღჭურვილი, რომელიც ჩაბერილი ჰაერის ანალიზის საშუალებას 60 წამში იძლევა.