ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერას მსაჯის მელოტი თავი ბურთში აერია
შოტლანდიური საფეხბურთო გუნდის, Inverness Caledonian Thistle FC-ის ფანები გასულ კვირას სასაცილო ამბავს შეესწრნენ, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების რეალობასთან შეჯახებამ გამოიწვია.
რამდენიმე კვირის წინ კლუბმა სიამაყით გამოაცხადა, რომ რეალური ოპერატორებიდან ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებად კამერებზე გადადიოდა. ამ კამერებს ბურთის მოძრაობა უნდა დაეფიქსირებინათ და "გაჰყოლოდნენ". გუნდში ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ ამბიციურ ჩანაფიქრს პირველივე წინააღმდეგობა შეუშლიდა ხელს. კამერას მსაჯის თავი ბურთი ეგონა და თამაშის ნაცვლად, მსაჯის მოძრაობას დაჰყვებოდა.
იმის გამო, რომ სტადიონზე კორონავირუსის გამო მაყურებლები არ დაიშვებიან, გულშემატკივრებს მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ თამაშისთვის თვალის დევნება. ამ შეცდომამ კი მთელი სანახაობა გააფუჭა.
როგორც ჩანს, ამ ტექნოლოგიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იქამდე, სანამ ოპერატორებს ჩაანაცვლებს.
კომენტარები