Samsung-ის შემდეგ ფლაგმანს, შესაძლოა, დამტენი და ყურსასმენები აღარ მოყვეს
ინსაიდერების ცნობით, Samsung-ის შემდეგი ფლაგმანის, Galaxy S21-ის კოლოფში, შესაძლოა, ვეღარ ვიხილოთ დამტენი. ასეთი სახით, კომპანია, ეფლის მსგავსად, საკუთარ ფლაგმანს აქსესუარების გარეშე დატოვებს.
ჭორების თანახმად, კომპანიაში კვების ადაპტერთან ერთად კოლოფიდან ყურსასმენების ამოღების შესაძლებლობაც განიხილება.
აღსანიშნავია, რომ სამსუნგი მომხმარებლებს დამატებითი სატენის შეძენისკენ აქამდეც მოუწოდებდა, რადგან ბოლო მოდელების კოლოფების კომპლექტაციაში თქვენ ნახავთ მხოლოდ 25 ვატიან დამტენს მაშინ, როცა კომპანია ამავე სმარტფონებისთვის ცალკე 45 ვატიან დამტენებსაც ყიდის — უფრო სწრაფი დამუხტვისთვის.
ასევე, სამსუნგმა აშშ-ის ბაზარზე Galaxy Note 20-ის კომპლექტაციიდან სრულად ამოიღო AKG-ის ყურსასმენები, თუმცა, მათი მიღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი კომპანიის სერვისცენტრებში.
სამსუნგმა iPhone-დან 3.5 მმ-იანი აუდიოჯეკის ამოღების გამო კომპანიას რამდენიმე დამცინავი ვიდეორგოლი მიუძღვნა, თუმცა ორიოდე წელიწადში თავად გამოუშვა Galaxy Note 10, სადაც ასევე აღარსად იყო მსგავსი პორტი. ხოლო 16 ოქტომბერს, კომპანიამ iPhone 12-ს უკვე კოლოფიდან გამქრალი ყურსასმენებისა და დამტენის გამო დასცინა. ახლა კი...
კომენტარები