"მთვარეზე არსებული წყალი, შესაძლოა, დასალევადაც გამოსადეგი იყოს"
როგორც ვიცით, 26 ოქტომბერს NASA-მ სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც SOFIA-ს მიერ ახლახან გაკეთებულ აღმოჩენაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილი გახდა, მთვარეზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე აქამდე გვეგონა. მეტიც, კვლევის ავტორი - პოლ ჰეინი ამბობს, რომ მთვარეზე არსებული წყალი დასალევადაც კი შეიძლება იყოს გამოსადეგი.
"თუკი მთვარის პოლუსებთან ახლოს დადგებით, მთელ ტერიტორიაზე ჩრდილებს დაინახავთ. ამ ჩრდილების უმეტესობა კი, შესაძლოა, ყინულით იყოს სავსე", — განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის მკვლევარმა და კვლევის ავტორმა პოლ ჰეინმა.
მთვარეზე წყლის იდენტიფიცირებისთვის აქამდე ჩატარებული კვლევების დროს სპექტრულ ხელწერას, იგივე მკვეთრ შტრიხ-კოდებს იყენებდნენ, რათა ნივთიერებები ამოეცნოთ. მაგრამ მოპოვებული მონაცემის მიხედვით, წყალსა და ჰიდროქსილს შორის განსხვავების პოვნა შეუძლებელი იყო.
მკვლევრებს აქამდე ისეთი ქიმიური ხელწერაც შეუმჩნევიათ, რომელიც ან წყალს, ან ჰიდროქსილს ეკუთვნოდა, თუმცა აქამდე მათი ასე ზუსტი გარჩევა არ მომხდარა. ამჯერად, ასტრონომებმა წყლის უნიკალური ხელწერის დაფიქსირება შეძლეს. წყალი კლავიუსის კრატერთან ახლოს იპოვეს, რომელიც მთვარეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრატერია.
ჰეინის მიერ ჩატარებული მეორე კვლევის ფარგლებში ასტრონომებმა SOFIA-ს გამოყენებით მთვარეზე არსებული ცივი ღრმულები შეისწავლეს, სადაც წყალი, შესაძლოა, არა მხოლოდ დროებით, არამედ მუდმივად არსებობდეს. SOFIA მსოფლიოში უდიდესი საჰაერო ობსერვატორიაა, რომელიც თვითმფრინავ Boeing 747SP-შია მოწყობილი. თვითმფრინავი კი ტელესკოპს დედამიწიდან 11 კილომეტრის სიმაღლეზე დაატარებს. ასე კოსმოსის ინფრაწითელი შესწავლა ხდება შესაძლებელი
ასტრონომებმა მთვარეზე საკმაოდ ბევრნაირი ღრმულები აღმოაჩინეს, მათ შორის მიკრო ღრმულები, რომელთა დიამეტრი 1 სანტიმეტრს შეადგენს და არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ მთვარეზე მიკრო ღრმულებზე ბევრად პატარა ღრმულებიც არსებობს, თანაც ძალიან ბევრი.
ჰეინის გუნდმა ასევე დაადგინა, რომ მთვარის ზედაპირის დაახლოებით 40 ათასი კვადრატული კილომეტრი, შესაძლოა, სრულად წყლით იყოს დაფარული. ეს მეცნიერების მიერ აქამდე მონიშნულ ტერიტორიაზე, სადაც, შესაძლოა, წყალი ყოფილიყო, ორჯერ მეტია.
ამ ღრმულების საინტერესო ბუნება იმაში გამოიხატება, რომ ისინი მხოლოდ ცივი, დაჩრდილული ადგილები არ არიან, სადაც წყალი კონცენტრირდება. ეს ღრმულები იმდენად ცივია, რომ წყალი ან ყინული იქ ძალიან დიდი დროის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.
"ტემპერატურა ცივ ღრმულებში იმდენად დაბალია, რომ ყინული ქვის თვისებებს იძენს. თუკი წყალი ღრმულში აღმოჩნდება, იქიდან მილიარდობით წლის განმავლობაში ვეღარ გამოვა", — განაცხადა ჰეინმა.
ჰეინსა და მის გუნდს სურს, რომ ეს ყინულები როვერებისა ან ეკიპაჟის მეშვეობით საბოლოოდ დაადასტუროს. ეს აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, რომ 2024 წლის მისიის დროს, ასტრონავტები მთვარეზე არა მხოლოდ დროებით გაფრინდნენ, არამედ ხანგრძლივი მისიების დაგეგმვაც შევძლოთ.
"თუკი ჩვენ მართლები ვართ, მთვარეზე არსებული წყალი, შესაძლოა, დასალევადაც გამოსადეგი იყოს, ასევე საწვავისთვის და ყველაფრისთვის, რაც NASA-ს დასჭირდება", — განაცხადა პოლ ჰეინმა.
კომენტარები