PayPal საკუთარ პლატფორმაზე კრიტპოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობას ამატებს
უმსხვილესმა სადებიტო გადახდების სისტემა PayPal-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უერთება კრიპტოვალუტების ბაზარს და ამით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ, გაყიდონ და საკუთარ PayPal ანგარიშზე შეინახონ ბიტკოინები და სხვა ვირტუალური მონეტები. აშშ-ში PayPal ანგარიშების მფლობელები კრიპტოვალუტის გამოყენებას უახლოესი კვირების განმავლობაში შეძლებენ.
PayPal აღნიშნული შესაძლებლობის დამატებას მის კუთვნილ მობილური გადახდების სერვის - Venmo-ში 2021 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. PayPal Holdings Inc-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლიდან მომხმარებლებს საშუალება ექნებათ PayPal-დან კრიპტოვალუტის გამოყენებით იშოპინგონ.
კომპანიის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, დენ შულმანი როიტერსთან საუბარში აღნიშნავს, რომ სერვისი ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტების გლობალურ გამოყენებასა და ახალი ვალუტების გამოჩენას, რომლებსაც მომავალში ცენტრალური ბანკები და მსხვილი კორპორაციები შექმნიან. "ჩვენ ცენტრალურ ბანკებთან ერთად განვიხილავთ ციფრული ვალუტების ყველა შესაძლო ვარიანტს და იმას, თუ რა გავლენა ექნება ამას PayPal-ზე".
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის გამოყენებით შოპინგის შესაძლებლობას სხვადასხვა ფინტექ კომპანიები უკვე გვთავაზობენ — მათ შორის არიან Square და Robinhood Markets. ამისდა მიუხედავად, PayPal-ის გადაწყვეტა იმითაა საინტერესო, რომ ამ სერვისს ბევრად დიდი აუდიტორია ჰყავს. PayPal-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად 346 მილიონი აქტიური ანგარიშია დარეგისტრირებული. ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში სერვისის საშუალებით $222 მილიონის ტრანზაქცია განხორციელდა.
კომენტარები