აქტივისტები სახის ამომცნობ სისტემას პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ
The New York Times-ის მიხედვით, აქტივისტები სახის ამომცნობ სისტემებს ქმნიან, რათა პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივად მოხდეს. ამ აქტით კი ისინი სამართალდამცავების მიერ მოწმეებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, სახის ამომცნობი სისტემის ბოროტად გამოყენებას აპროტესტებენ.
ამ მიდგომის გამოყენებით, როლების საკმაოდ საინტერესო გაცვლა მოხდა: ამჯერად, საკუთარი იდენტობის დაფარვა პოლიციელებს უწევთ — ისინი იმავე ტექნოლოგიის მსხვერპლნი არიან, რომელსაც, როგორც წესი, მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი თვითნასწავლ პროგრამისტ კრისტოფერ ჰოველს ეკუთვნის. მან ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მყოფი პოლიციელების იდენტიფიცირება გადაწყვიტა, რადგან მათ უფლება ჰქონდათ აქციის მონაწილეებთან ურთიერთობის დროს საკუთარი სახელები დაემალათ. პორტლენდში პოლიციელებისთვისა და კომპანიებისთვის სახის ამომცნობი სისტემების გამოყენება აკრძალულია, თუმცა, ჰოველის პროექტი, როგორც ერთი ინდივიდის სამოყვარულო საქმიანობა, დაშვებულია.
სახის ამომცნობი სისტემების შექმნა, მზა პროგრამების არსებობის გამო, ძალიან მარტივი გახდა. ამ პროცესში მთავარი გამოწვევა კი ადგილობრივი პოლიციელების საკამრისად ბევრი ფოტოს მოძიებააა, რათა ალგორითმი გაიწრთვნას. აქტივისტების თქმით, ამჯერად მათ გაუმართლათ, რადგან პოლიციელების ფოტოები სოციალურ ქსელებში იპოვეს.
"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს ამ 'დიდი ბიჭების' ეშინოდათ, რადგან მათ სახის ამოცნობა, შემდეგ კი ჩაგვრა შეეძლოთ. თუმცა, ჩვენ ახლა ისეთ ტექნოლოგიებს ვქმნით, სადაც მსგავსი სისტემის არა მოსახლეობას, არამედ თავად ამ 'დიდ ბიჭებს' უნდა ეშინოდეთ", — განაცხადა ერთ-ერთმა დეველოპერმა ენდრიუ მაქსიმოვმა, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს.
რა თქმა უნდა, ოფიციალური პირები მსგავსი მიდგომებით კმაყოფილები არ არიან: 2019 წელს ჰონგ-კონგში გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კოლინ ჩონგმა ტექნიკა შეიმუშავა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში პოლიციელების ფოტოებს პოულობდა. მან ამ პროექტის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაპოსტა, რის შემდეგაც იგი მალევე დააკავეს. თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად, როგორც ჩანს, ტექნოლოგიების ეპოქაში აქტივიზმი ახალი სახის შეძენას განაგრძობს.
კომენტარები