მეცნიერებმა ყელში ახალი ორგანო აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ახალი ორგანო აღმოაჩინეს: სანერწყვე ჯირკვლები, რომლებიც ყელის ზემოთა ნაწილში ღრმად იყო ჩამალული. არავის ეგონა, რომ ცხვირის უკან არსებულ ამ რეგიონში, მიკროსკოპული ორგანიზმების გარდა, რამე სხვაც თუ იარსებებდა, თუმცა, ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა. ახლახან ნაპოვნი ჯირკვლების სიგრძე 3,9 სანტიმეტრია. მკვლევრების თქმით, ეს ჯირკვლები, დიდი ალბათობით, ცხვირისა და პირის უკან არსებული ყელის ზემოთა ნაწილის დატენიანებაში მონაწილეობენ.
ეს აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა: ჰოლანდიის კიბოს ინსტიტუტის მკვლევრები პროსტატის კიბოს იკვლევდნენ, ამ დროს კი ექიმები ორგანიზმში რადიოაქტიურ ინდიკატორს უშვებენ. ეს ინდიკატორი ცილა PSMA-ის ძალიან კარგად ებმის, რაც პროსტატის კიბოს უჯრედებში დიდი ოდენობით გვხვდება.
PSMA ცილით სანერწყვე ჯირკვლებიც მდიდარია, შესაბამისად, ინდიკატორის შეყვანის დროს მათი ამოცნობაც ხდება. სწორედ ასე იპოვეს აღნიშნული ჯირკვლებიც. აქამდე ცნობილი იყო, რომ არსებობს სამი დიდი სანერწყვე ჯირკვალი: ერთი ენის ქვეშ, ერთი ყბის ქვეშ და ერთი ყბის უკან. ინსტიტუტის ერთ-ერთი მკვლევრის, ვოტერ ვოგელის თქმით, გარდა ამისა, ყელსა და პირში, შესაძლოა, ათასობით მიკროსკოპული სანერწყვე ჯირკვალი არსებობდეს.
აღმოჩენის დასადასტურებლად, ვოგელმა და მისმა გუნდმა 100 პაციენტი გასინჯა და დაადგინეს, რომ ახლახან აღმოჩენილი ჯირკვლები ყველა მათგანს ჰქონდა.
ეს აღმოჩენა, შესაძლოა, კიბოს მკურნალობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თავზე და კისერზე რადიაციული მკურნალობის გამოყენებისას ექიმები ცდილობენ, რომ დასხივება სანერწყვე ჯირკვლებმა არ მიიღონ, რადგან დაზიანების შემთხვევაში პაციენტს, შესაძლოა, ჭამასთან, ყლაპვასთან და საუბართან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. შესაბამისად, რადგანაც ამ ჯირკვლების არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, არც მასზე დასხივების თავის არიდება უცდიათ.
"ჩვენი შემდეგი ნაბიჯია გავიგოთ, თუ როგორ ავაცილოთ დასხივება ამ ჯირკვლებს. თუკი ამას შევძლებთ, პაციენტებს საკუთარ თავზე ნაკლები გვერდითი ეფექტის გამოცდა მოუწევთ", — განაცხადა ვოგელმა.
კვლევა ჟურნალ Radiotherapy and Oncology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები