სინათლის ხმალი, ვარსკვლავური ომებიდან, რეალობად აქციეს და ის ლითონსაც ჭრის
იუთუბ არხ The Hacksmith-ის ბლოგერმა - ჯეიმს ჰობსონმა მოახერხა და ვარსკვლავური ომებიდან ცნობილი სინათლის ხმლის მსოფლიოში პირველი ნამდვილი პროტოტიპი შექმნა. ხმლის სხივი სხვადასხვა ფერში ნათდება და დიახ — ის ლითონსაც კი შუაზე ჭრის. ხმლის სხივის ტემპერატურა ცელსიუსით 2204 გრადუსს აღწევს.
ჰობსონი და მისი მეგობრები მსგავსი ხმლის შექმნას აქამდეც ცდილობდნენ, თუმცა ყველა წინა მოდელი საკმაოდ პრიმიტიული იყო — შეუძლებელი იყო მათი დაკეცვა და პრაქტიკულად, ისინი უბრალოდ ხმლის ფორმის გახურებული მეტალს წარმოადგენდნენ.
თუმცა, ამჯერად ექსპერიმენტი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჰობსონმა ამ მიზნის მისაღწევად აირშემდუღებელი აპარატი გამოიყენა, რომელიც ჟანგბადსა და პროპანზე მუშაობს. მან, ელექტრონიკის მარტივი ხრიკით, აპარატის მიერ წარმოქმნილი პლაზმის ნაკადის სტაბილიზება მოახერხა. საბოლოოდ, სხვადასხვა კაბელების ელ.კვების თემატური გაფორმების შემდეგ, მიიღო სინათლის ხმალი, რომელიც სასურველი ქიმიური ელემენტების დამატების შემთხვევაში, სხივის ფერსაც შეიცვლის.
აღსანიშნავია, რომ პროტოტიპის ავტორის თქმით, ჯერჯერობით, ამ ბოლო პროტოტიპს ენერგიის გარე წყარო აუცილებლად სჭირდება, რადგან ასეთი სიმძლავრის სხივის უზრუნველყოფა სხვაგვარად შეუძლებელია.
კომენტარები