როგორ შევაყვაროთ თავი კატებს და როგორ "გავუღიმოთ" მათ
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ უცნაური ხრიკის გამოყენებით შეგიძლიათ კატებს თავი მოაწონოთ ან, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც მიაღწიოთ, რომ თქვენი მოგერიება შეწყვიტონ.
ახალი კვლევის თანახმად, როდესაც პატრონები, ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანები უბრალოდ შეხედვის ნაცვლად კატებს "თვალების დაწვრილებით" ესალმებოდნენ, უფრო ხშირად კატებისგან საპასუხოდ იგივე რეაქციას იღებდნენ. ამ მიმიკას თვალების ნელ დახამხამებასაც უწოდებენ. თვალების დაწვრილების შედეგად, კატების უმეტესობა მიუახლოვდა კიდეც ადამიანს. ავტორები ფიქრობენ, რომ ამ მიმიკით ადამიანებს შეუძლიათ კატებთან პოზიტიური ემოციური კავშირის დამყარება.
მკვლევრებმა გაერთიანებულ სამეფოში ათობით კარგი მხედველობის მქონე შინაური კატა ჩართეს რამდენიმე ექსპერიმენტში. თავდაპირველად, 14 სხვადასხვა პატრონის 21 კატა გამოცადეს თავიანთ სახლებში. მათ პატრონებს ინსტრუქციები დაურიგდათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა "დაეხამხამებინათ" თვალები ნელა. ამ მიმიკას მეცნიერები ნახევრად დახამხამების სერიებსაც უწოდებენ, რადგან თვალის ქუთუთოები ბოლომდე არ იხურება, "ამას კი ხანგრძლივად დაწვრილებული თვალებით ყურება, ან თვალების დახუჭვა მოჰყვება." შემდეგ, პატრონები თავიანთი კატებისგან 3 ნაბიჯის სიშორეზე დადგნენ და ან თვალების დაწვრილება გააგრძელეს, ან საერთოდ არ აქცევდნენ მათ ყურადღებას (კონტროლი).
პირველი ექსპერიმენტით დადგინდა, რომ კატები ყველაზე ხშირად მაშინ ახამხამებენ თვალებს, როდესაც მათი პატრონი აკეთებს იგივეს. საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე კატამ დახუჭა თვალები მთლიანად, ამიტომ ამ ქმედებიდან არანაირი დასკვნის გამოტანა არ შეგვიძლია.
იგივე სახის ექსპერიმენტი ჩაატარეს 24 კატაზე, რომლებიც პირველ ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ და ამ შემთხვევაში პატრონების ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანებთან მოუწიათ მათ ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, თვალების დახამხამების შემდეგ უფრო ხშირად უახლოვდებოდნენ კატები ადამიანს, ვიდრე მათი დაიგნორების შემდეგ. კატის ადამიანთან მიახლოვება თვალების დახამხამების დროს უფრო ალბათური იყო, ვიდრე მათი დაიგნორების შემთხვევაში.
კვლევის შედეგები ამ კვირაში გამოქვეყნდა ჟურნალ Scientific Reports-ში.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ თვალების დაწვრილება კატების გულისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, ახალი არ არის და ამ სასაცილო ხერხს ხშირად გვთავაზობენ კატების ყოფა-ქცევის შემსწავლელი მეცნიერები (ბიჰევიორისტები), ასევე ფისომოყვარულებიც. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან ძაღლები, ცხენები და შინაური პირუტყვი, ადამიანის მიმიკებზე რეაგირებენ, თუმცა ძაღლების მსგავსად, კატები თავიანთი პატრონების მიმართ არც ისე მეგობრულად არიან განწყობილნი. მეტიც, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ მათ ადამიანებთან გამომეტყველები სოციალური კავშირების დამყარება შეუძლიათ. თუმცა, ავტორები ფიქრობენ, რომ ეს პირველი ექსპერიმენტული მტკიცებულებაა იმისა, რომ თვალების დაწვრილებას შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს ადამიანებისა და კატების ურთიერთობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერიმენტში მონაწილე კატები უცნობებს უფრო ხშირად უახლოვდებოდნენ.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თვალების დაწვრილება კატებისთვის კარგ გამოცდილებასთან ასოცირდება და შესაძლოა, პოზიტიური განწყობის ინდიკატორიც იყოს." - წერენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, კატებს თვალების დაწვრილება იმიტომ მოსწონთ, რომ წარსულში ზუსტად თვალების ნელი დახამხამების შემდეგ მათი პატრონები პოზიტიურად პასუხობდნენ მათ. სხვა სიტყვებით, ისინი ამ ხერხს შესაძლოა მხოლოდ იმიტომ მიმართავენ, რომ თავი მოგვაწონონ. თუმცა, ეს ნაკლებად ალბათურია, რადგან კატებს უცხო ადამიანებზეც იგივე რეაქცია ჰქონდათ, როგორც თავიანთ პატრონებზე. შესაძლოა ნელ დახამხამებაში არის რაღაც ისეთი, რაც კატებს ამშვიდებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ხანგრძლივ მიშტერებას მტრულად აღიქვამენ, შესაძლოა თვალების დახამხამება ევოლუციის შედეგად გამოიმუშავეს, როგორც იმის ინდიკატორი, რომ სიტუაცია დაძაბული არაა.
როგორი ახსნაც არ უნდა ვიპოვოთ, ნათელია, რომ კატებს სიამოვნებთ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის შესასწავლად, თუ რა ემოციური დატვირთვა აქვს კატებისთვის თვალების ნელ დახამხამებას.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოსაზრება საბოლოოდ დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ადამიანების მსგავსად იქნებიან ისეთი კატებიც, რომლებიც ასეთ მიმიკებზე უბრალოდ არ რეაგირებენ. "მაგალითად, ჩემი კატა, რომელიც სამი წლის წინ ვიპოვე მიტოვებული, ძალიან მეგობრული და მოსიყვარულეა მაგრამ მაინც მუდმივად ატარებს სახეზე უაზრო გამომეტყველებას იმისდა მიუხედავად, თუ რამდენჯერ დავუწვრილებ მას თვალებს", - ამბობს სტატიის ავტორი.
კომენტარები