ეფლმა ტელეგრამისგან სამი ბელარუსული ოპოზიციური არხის დაბლოკვა მოითხოვა
Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებით ეფლმა აპლიკაციაში სამი ბელარუსული ოპოზიციური არხის დაბლოკვა მოითხოვა. აღნიშნულ არხებში დემონსტრაციების დარბევისას სისასტიკით გამორჩეული სამართალდამცავებისა და ჩინოვნიკების იდენტიფიცირება ხდებოდა.
დუროვის თქმით, საუბარია @karatelibelorusi (73 ათასი გამომწერი, @chatpartizan (1000-მდე გამომწერი) და @belarusassholes (20 000-მდე გამომწერი).
როგორც ტელეგრამის ხელმძღვანელი წერს, ეფლმა აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ დააყენა, რაც არხებზე სამართალდამცავების პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების ფაქტი დადასტურდა, რამაც, კომპანიის თქმით, შესაძლოა ძალადობის პროვოცირება გამოიწვიოს.
როგორც დუროვი აღნიშნავს, მისი ნება რომ იყოს, იგი არხებს დატოვებდა, თუმცა "ეფლი მსგავს შემთხვევებში არჩევანის საშუალებას არ იძლევა". დუროვი ვარაუდობს, რომ არხები მხოლოდ iOS-ის პლატფორმაზე დაიბლოკება, თუმცა შენარჩუნებული იქნება სხვა ოპერაციულ სისტემებზე.
მანამდე დუროვმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის დროს ტელეგრამში ამოქმედდა ცენზურასთან ბრძოლის რამდენიმე მექანიზმი, რაც მომხმარებელთა უმეტესობისთვის პლატფორმის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ტელეგრამმა ბელარუსიის ოფიციალური არხი შექმნა, რომელიც ბელარუსულ ენაზე ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ივლისში, პაველ დუროვმა ევროკომისიაში ეფლის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა.
კომენტარები