ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების პირველი STEM საუბრები ჩატარდა
ცოტა ხნის წინ, Next.On.ge ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ფიზიკოს გუგა გოგიას ესაუბრა. ინტერვიუში გუგამ დაგეგმილ კონფერენციაზე, “Stem საუბრებზე” მოგვიყვა, რომელიც 2-4 ოქტომბერს გაიმართა.
ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება ახალი ორგანიზაციაა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების დაკავშირებასა და საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა თავის კვლევაზე და უცხოეთში სწავლისა და მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა.
სიმპოზიუმის პირველ დღეს, მას შემდეგ, რაც გუგამ მცირე დრო შესავლის გაკეთებას დაუთმო და ახლად შექმნილი საზოგადოების მიზნებზე ისაუბრა, ვირტუალური სცენა ძირითადად ბიოლოგებმა დაიკავეს. პირველი მომხსენებელი თათა ყავლაშვილი იყო, რომელმაც დნმ-ის დეგრადაციაზე ისაუბრა. მისი კვლევა დნმ-ის დეგრადაციის ისეთი მექანიზმების შესწავლას ეხება, რომელიც სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებებს უკავშირდება.
იმის გამო, რომ თათას კვლევა მედიცინისთვისაც მნიშვნელოვანია, დამსწრეებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორი ხანგრძლივი პროცესია ახალი მკურნალობის მეთოდის და წამლის შემუშავება. თათას თქმით, საუკეთესო ვარიანტში, ახალი წამალი ადამიანებზე კლინიკური ტესტირების პირველ სტადიას 2-3 წელში აღწევს. გამონაკლისი, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველი წამლები და სამკურნალო საშუალებებია, რომელთა ტესტირება დაჩქარებულია.
მომდევნო გამომსვლელი მარიამ მუსერიძე იყო, რომლის კვლევის მთავარი საგანი ენჰანსერის მოლეკულებია. ენჰანსერი დნმ-ის ისეთ რეგიონს ეწოდება, რომელიც, ცილასთან დაკავშირების შემთხვევაში, გარკვეული გენების უფრო მეტად ექსპერსიას ახალისებს. მარიამის თქმით, სავარაუდოდ ამ მოლეკულას ევოლუციაში დიდი როლი უჭირავს. მარიამი კვლევის ფარგლებში ენჰანსერების ევოლუციური როლითაც ინტერესდება.
ბიოლოგების გარდა, პირველ დღეს ეპიდემიოლოგიის სფეროში მომუშავე ორმა ქართველმა მეცნიერმაც ისაუბრა. დავით ბალიაშვილს და მაია ბუწაშვილს მსმენელები კორონავირუსზე და მიმდინარე პანდემიაზეც ეკითხებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიისადმი ბოლო დროს საქართველოში საზოგადო ინტერესი გაჩნდა: კორონავირუსისა და C ჰეპატიტთან ბრძოლის საკმაოდ წარმატებული კამპანიის გამო.
ორი ეპიდემიოლოგის მოხსენებას შორის, ლევან ტიელიძემ მყინვარების დნობის და კლიმატის ცვლილების კავშირზე ისაუბრა. ლევანმა საქართველოს განხილვასაც დიდი დრო დაუთმო. მისი თქმით, მყინვარების დნობა საქართველოში პრობლემურია, რადგან წყლის ძალიან დიდი მასა თავისუფლდება, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებებს, მეურნეობასა და ჰესებს, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში ინტეგრალურ როლს თამაშობენ.
კონფერენციის მეორე დღეს გამომსვლელებმა ძირითადად ფიზიკასა და იმ კვლევებზე ისაუბრეს, რომლებშიც ისინი ამჟამად იღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მონაწილეებმა განიხილეს, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება წარმოადგენდა. მათ როგორც სტიპენდიის მოპოვების გზებზე, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სპეციფიკასა თუ მიდგომებზე ისაუბრეს. კონფერენციის მეორე დღის გამომსვლელები იყვნენ: თამარ მიქელაძე, მიხეილ ციციშვილი, მარიამ რუსიშვილი, თამარ ბასიაშვილი და გუგა გოგია.
სიმპოზიუმის მესამე დღე დანარჩენ ორთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი იყო, გამომსვლელებმა კვანტურ ფიზიკაზე, კოგნიტურ მეცნიერებებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ეკონომიკაზე ისაუბრეს.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია კი ანა ჩხაიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ენის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ისაუბრა. ასევე საინტერესო თემა შემოგვთავაზა ნოდარ სამხარაძემ — მან კვანტურ გამოთვლებზე და კვანტური კომპიუტერების მომავალზე წარადგინა პრეზენტაცია. 4 ოქტომბერს ასევე მოვისმინეთ გიგა გაბადაძის, გიორგი ოსიპოვისა და მარია ნარეკლიშვილის პრეზენტაციები. სიმპოზიუმის მსვლელობისას მეცნიერები ერთმანეთს უსვამდნენ კითხვებს და მსმენელების ცნობისმოყვარეობასაც აკმაყოფილებდნენ.
თითოეული მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების ჩანაწერები დროთა განმავლობაში ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების YouTube არხზე აიტვირთება.
კომენტარები