თინეიჯერი გოგოს თავის ქალა გვიჩვენებს, რა სასტიკად სჯიდნენ კრიმინალებს ანგლოსაქსები
15-დან 18 წლამდე გოგოს თავის ქალა შუა საუკუნეების ინგლისში გავრცელებულ დასჯის ბრუტალურ მეთოდებზე მეტყველებს. თავის ქალის ანალიზის მიხედვით, მას ცხვირი და ტუჩები მოაჭრეს და სკალპის ახდასაც ცდილობდნენ. გოგო სწორედ ამ დაზიანებებიდან მალევე გარდაიცვალა, რადგან თავის ქალაზე შეხორცების კვალი არ ჩანს.
"ეს პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა, რომელიც ანგლოსაქსურ ინგლისში გავრცელებულ დასჯის მეთოდებზე ინფორმაციას გვაწვდის", — განაცხადეს ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა.
თავის ქალა პირველად 1960-იან წლებში ინგლისის ქალაქ ბეზინგსტოკთან ახლოს აღმოაჩინეს. ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების არქეოლოგები მას ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსგავსი დასახიჩრებები ანგლოსაქსებში დასჯის საკმაოდ გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენდა, მკვლევრებმა დაზიანებებსა და კანონებს შორის კავშირის პოვნა სცადეს. თუკი იმდროინდელ ლეგალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, ასეთი სასტიკი სასჯელი შეიძლება რამდენიმე ტიპის დანაშაულს გამოეწვია: ახალგაზრდა ქალმა ან საკუთარი ბატონი გაძარცვა, ან ქმარს უღალატა ან — ორივე დანაშაული ერთად ჩაიდინა.
აღსანიშნავია, რომ ადგილი, სადაც თავის ქალა იპოვეს, სტანდარტული ანგლოსაქსური სასაფლაო არ ყოფილა და შესაძლოა, რომ ამ რეგიონში ისეთ ადამიანებს მარხავდნენ, რომლებიც ადგილობრივი სასაფლაოს ღირსად არ ჩათვალეს. სტაბილური იზოტოპური ანალიზის მიხედვით, ქალი ადგილობრივი არ ყოფილა. შესაძლოა, გადასახლება ასევე სასჯელის ნაწილი ყოფილიყო.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები