ფეისბუქმა ინსტაგრამსა და Messenger-ს შორის ინტეგრაცია დაიწყო
ფეისბუქმა საკუთარი ტექსტური მესენჯერების გაერთიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 30 სექტემბრიდან მომხმარებელთა ნაწილმა ინსტაგრამისა და ფეისბუქ მესენჯერის ინტეგრირებული ვერსიით სარგებლობა შეძლეს — ფუნქცია ეტაპობრივად ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პლატფორმათაშორისი მესენჯერის გაშვებასთან ერთად, ფეისბუქის მესენჯერიდან ინსტაგრამის DM-ში გადმოინაცვლა ისეთმა ფუნქციებმა, რომელიც აქამდე მას აკლდა.
თვითგანადგურებადი შეტყობინებები, სელფი სტიკერები, პერსონალიზებული ემოჯიები, ჩატის ფერები, არასასურველი მოსაუბრის დაბლოკვის მოქნილი სისტემა და "ერთად ყურების" ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოზარის დროს ერთობლივი ჩვენების ორგანიზების საშუალებას აძლევს — ეს ყველაფერი ამიერიდან ინსტაგრამსა და ფეისბუქის მესენჯერში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.
საწყის ეტაპზე ინტეგრაციის გააქტიურებამდე პლატფორმაზე შესვლისას ამ განახლებას უნდა დაეთანხმოთ — ანუ ინტეგრაცია ნებაყოფლობითია. ჩატებთან ერთად ერთიანდება ინსტაგრამისა და ფეისბუქის მომხმარებელთა ძიების სისტემაც — მომხმარებელს ამ ინეტგრაციაზე უარის თქმის უფლება ნებისმიერ დროს ექნება.
CNN-ის ცნობით, აღნიშნული ინტეგრაცია ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იტესტება. ასევე, ამჟამად უცნობია, როდის შეეხება დაგეგმილი ინტეგრაცია ფეისბუქის კიდევ ერთ საკომუნიკაციო პლატფორმას — WhatsApp-ს.
პლატფორმების ინტეგრაცია ფეისბუქის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა. განსაკუთრებით WhatsApp-ის შემთხვევაში, ეს დიდ ინფრასტრუქტურულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან სერვისი გამჭოლი შიფრაციის მეთოდით მუშაობს. მარეგულირებელი ორგანოები ასეთ მასშტაბურ ინტეგრაციას კრიტიკულად უყურებენ და ამაში ტექსტური კომუნიკაციის საშუალებების მონოპოლიზაციის საშიშროებას ხედავენ.
კომენტარები