მასკი ამბობს, რომ COVID-19-ის ვაქცინას არ გაიკეთებს, ბილ გეიტსს კი ხისთავიანს უწოდებს
The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომა გახდება, ის ვაქცინას არ გაიკეთებს. მასკის თქმით, მას და მის შვილებს "COVID-ის რისკი არ ემუქრებათ".
მასკი პანდემიის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება და ინტერვიუში ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვისას "რაციონალური მსჯელობა უკანა პლანზეა". მეცნიერები მასკს პანდემიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
მარტში მასკმა "იწინასწარმეტყველა", რომ აპრილის ბოლოსთვის აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ იქნებოდა. ცხადია, მასკის წინასწარმეტყველება არ ახდა. ამას გარდა მან მაისში ალამედაში მდებარე Tesla-ს ქარხნები ნაადრევად გახსნა, რითაც ადგილობრივ წესდებას დაუპირისპირდა.
როდესაც ჟურნალისტმა მასკს უთხრა, რომ "შტორმი კიდევ ახლოვდება", მასკმა მოკლედ მოუჭრა და უპასუხა, რომ "ყველა კვდება". ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ Tesla-ს თანამშრომლები, რომლებიც ქარხნებს დაუბრუნდნენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამაზე მასკმა უპასუხა, რომ COVID-19-ის სიტუაციაზე საუბარი არ სურდა.
იმავე ინტერვიუში მასკმა ბილ გეიტსს ხისთავიანი უწოდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელის განცხადებით, ტესლას დირექტორს ვაქცინების ბევრი არაფერი გაეგება. მასკმა აღნიშნა, რომ ტესლა ვაქცინებისთვის საჭირო ტექნიკას ამზადებს CureVac-ისთვის, რომელსაც თავად გეიტსი აფინანსებს.
კომენტარები