ვიკიპედია, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, საკუთარ ინტერფეისს შეცვლის
ვიკიპედია უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ვებკულტურის განუყოფელი ნაწილია — ონლაინ ენციკლოპედია მომხმარებლებს ინტერნეტკავშირის მქონე ნებისმიერი მოწყობილობიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე ვრცელ ინფორმაციას აწვდის. ახლა კი, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, ონლან ენციკლოპედია დესკტოპზე ახალ ინტერფეისს მიიღებს, რაც ვიკიპედიას უფრო მოქნილს და მომხმარებლისთვის მარტივად გასაგებს გახდის.
ახალი ფუნქციების და ინტერფეისის ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება MediaWiki-ს პუბლიკაციიდან შეგიძლიათ. აქვე გთავაზობთ რამდენიმე ანიმირებულ GIF ფაილს, საიდანაც ნათლად ჩანს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებსაც ენციკლოპედიის ინტერფეისი განიცდის.
პირველი თვალსაჩინო ცვლილება გვერდითა სანავიგაციო პანელის შეკეცვის ფუნქციას უკავშირდება; ეს ცვლილება მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, შეკეცონ აღნიშნული მენიუ თითოეულ გვერდზე, რითაც საკითხავ გვერდზე ხელისშემშლელი ფრაგმენტების მინიმიზაცია გახდება შესაძლებელი. ამასთანავე, ახალ ინტერფეისში გამარტივდება ენებს შორის გადართვის ფუნქციაც, რომელიც ახალი ფორმის ღილაკის სახითაა წარმოდგენილი.
ახალი ინტერფეისი, ყველაფერთან ერთად, ითვალისწინებს ძიების გამარტივებულ მექანიზმსა და ვიკიპედიის ლოგოს ზომის შემცირებას თითოეულ გვერდზე, რაც დესკტოპზე ინფორმაციის წაკითხვასა და საჭირო სტატიის მოძიების პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის.
ვიკიპედიის მფლობელი კომპანია, Wikipedia Foundation საკუთარ ბლოგში წერს, რომ ცვლილებები "ხანგრძლივი დროის განმავლობაში" აისახება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ახალი ფუნქციები მათ ოფიციალურ გავრცელებამდე გატესტონ. ვიკიპედიის დესკტოპ ვერსიის ინტერფეისის განახლება 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მსგავს განახლებას საიტის მობილური ვერსია.
კომენტარები