ახალი ემოჯი, რომელიც 2020 წლისადმი ჩვენი გრძნობების გამოსახატად შეიქმნა
ცოტა თუა ისეთი რამ, რაზეც ადამიანები უნივერსალურად ვთანხმდებით, მაგრამ 2020 რომ გამორჩეულად მძიმე და უსიამოვნო წელია, ამაში ალბათ არავინ შეგვედავება. ამის სათქმელად მხოლოდ COVID-19-ის პანდემიაც იკმარებდა, თუმცა კრიზისი პლანეტის სხვადასხვა წერტილში სამედიცინო სფეროს ცდება და პოლიტიკური და ეკოლოგიური ფორმაც აქვს მიღებული. შედეგად, ისინიც კი, ვისაც არცერთი კრიზისი პირადად არ შეხებია, ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც განიცდის ფსიქიკურ წნეხს. ამ ყველაფრის სიტყვებით გამოხატვაც სულ უფრო რთულდება.
სწორედ მსგავსი ემოციების გამოსახატად შეიქმნა ემოჯიების ახალი სერია, რომელიც ახლახან დაამტკიცა Unicode Consortium-მა. ემოჯიები ჩვენს სმარტფონებში, დიდი ალბათობით, 2020 წლის დასასრულამდე ვერ მოხვდებიან, მაგრამ ისინი მიმდინარე წლის ქაოსს შესანიშნავად გადმოსცემენ.
მაგალითად, "ამომსუნთქველი სახე", მეორენაირად "ოხვრა", ემოჯიპედიის თანახმად, გამოხატავს გათანგვას ან იმედგაცრუებით ამოხვნეშას. "სახე ღრუბლებში", მეორენაირად "ტვინის დაბინდვა", აღნიშნავს დაბნეულობას და გონებაამღვრეულობას (თუმცა ის "წყნარი ნეტარების" გამოსახატადაც შეიძლება გამოვიყენოთ და იმედია, მომავალ წელს სწორედ ამ დატვირთვას შეიძენს ჩვენთვის).
მაგრამ ახალ ემოჯიებს შორის ყველაზე დროული მაინც "სახე სპირალის თვალებით", მეორენაირად "თავბრუსხვევა" არის. დიზორიენტაციის გამომხატველი ეს ემოჯი ჯენიფერ დენიელმა წარადგინა და აღწერაში ისეთი სიტყვებიც დაურთო, როგორებიცაა "ო, არა", "გასაჭირი", "ვაჰ", "უფ". სწორედ ამ სიტყვათაგან რომელიმე აირჩევა მომავალში ემოჯის გამოსახმობად.
თვალების ნაცვლად სპირალების მქონე ეს სახე გამოხატავს ბურუსით მოცულობას, მონუსხულობას ან ზოგადად გადატვირთვის ისეთ მდგომარეობას, როცა საკუთარ მოქმედებებს ვეღარ აკონტროლებ და ვერც სამყაროს აღიქვამ ადეკვატურად.
როგორც The Verge-ის ჟურნალისტი, რასელ ბრენდონი აღნიშნავს, "ეს ემოჯი გასული ექვსი თვის ღრმა გაუგებრობას გამოხატავს მაშინ, როცა სოციალური იზოლაცია გვბოჭავს და პირადი და გლობალური ტრაგედიების სიურრეალისტური სპექტაკლი თამაშდება. 2020-ში ჩვენ ყველას თვალების ნაცვლად სპირალები გვაქვს".
ამასთან, Unicode Consortium-მა ნებისმიერ სახეზე (იქნება ის კაცის თუ ქალის) წვერის დამატების შესაძლებლობაც დაამტკიცა, რომ უკეთ გამოვხატოთ, რამდენად დაგვაბერა ბოლო ექვსმა თვემ.
კომენტარები