ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსითი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა და იგი მარტში დაფიქსირებულ პიკს საგრძნობლად აღემატება.

ვირტუალურ პრეს-კონფერენციას WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ "ჩვენ წინაშე ძალიან სერიოზული სიტუაცია ვითარდება".

ევროპის ყოველკვირეული შემთხვევები მარტის პირველ პიკს მნიშვნელოვნად აღემატება. გასულ კვირას 300 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჰანს კლუგე, WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

"გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში მიღებულმა მკაცრმა კარანტინმა დადებითი შედეგები გამოიღო. ჩვენი თავგანწირვა დაგვიფასდა და ივნისში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გვქონდა", — აღნიშნა კლუგემ. ამის თქმის საფუძველს მას ესპანეთის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა აძლევს. ამ ქვეყნებში ივნისსა და ივლისში დაფიქსირებული შემთხვევები ასეულებს არ სცდებოდა.

მიუხედავად ამისა, კლუგეს მიაჩნია, რომ სექტემბრის შემთხვევები ჩვენთვის განგაშის ზარს უნდა ნიშნავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები გაზრდილი ტესტირების შედეგიც არის, ვირუსის გავრცელება რეგიონული მასშტაბით საყურადღებოა.

"ბოლო ორ კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ნახევარში დაფიქსირებული შემთხვევების სტატისტიკა 10%-ით გაიზარდა. აქედან 7 ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა", — აღნიშნა კლუგემ და იქვე დასძინა, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი აზრით, ქვეყნებში კარანტინის მიღება თუ შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანია.

ამჟამად ევროპაში 4 893 614 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 216 005-ს შეადგენს. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესპანეთს აქვს (625 651 შემთხვევა), მას მოსდევს საფრანგეთი (454 099 შემთხვევა), დიდი ბრიტანეთი (384 075) და იტალია (293 025).