სკოლების დაკეტვა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება — კვლევა
ჩინეთს COVID-19-მა იანვარში შეუტია, რის გამოც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაზაფხულის სემესტრის გადადება აპრილის ბოლოსთვის გახდა საჭირო. კარანტინმა ბავშვები თავიანთ მეგობრებსა და ფართო სოციალურ კავშირებს მოსწყვიტა, რამაც, როგორც ირკვევა, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად იმოქმედა: დაწყებითი კლასის მოსწავლეებში დეპრესიის სიმპტომების სიხშირე მნიშვნელოვნად გაზარდა. კვლევა აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის აკადემიურ ჟურნალში, JAMA Network Open გამოქვეყნდა.
სამეცნიერო კვლევას ანჰუის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. მათ პანდემიამდე არსებული, ნოემბრის თვის მონაცემები მაისის მონაცემებს შეადარეს. ამ დროს გაზაფხულის სემესტრი 2 კვირის დაწყებული გახლდათ. მკვლევრებმა მეოთხე და ზედა კლასების 1 241 მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. ბავშვები ანჰუის პროვინციაში, ქალაქ ჩინჯოუს მცხოვრებლები გახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში COVID-19-ის შემთხვევების სტატისტიკა მაღალი არ ყოფილა.
როგორც კვლევამ გამოკვეთა, ნოემბერთან შედარებით (19%) მაისში დეპრესიული სიმპტომები საყურადღებოდ იყო მომატებული (25%). გაორმაგებული იყო თვითმკვლელობის მცდელობის სტატისტიკაც — ნოემბრის თვეში აღწერილი 3% მაისში უკვე 6,4%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დინამიკა შფოთვის მქონე ბავშვებში არ დაფიქსირებულა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი ნაშრომი სკოლის ხელმძღვანელობას ფსიქიკური ჯანმრთელობის აუცილებელი სერვისების გატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. აღნიშნული კვლევა აქამდე გამოთქმულ მოსაზრებას იმეორებს — იძულებითი სოციალური იზოლაცია ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
გადაწონის თუ არა სკოლაში ფიზიკური დასწრება ვირუსის რისკებს?
მას შემდეგ, რაც სკოლების გახსნა აშშ-ის მთავრობის დღის წესრიგში დადგა, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმის ნაცვლად ჩვეულ რეჟიმში დაწყების მომხრეა.
აშშ-ის პედიატრთა ყველაზე მნიშვნელოვანი გაერთიანება ივნისის თვეში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ხაზგასმით აღნიშნავს: სკოლაში სიარულით მიღებული აკადემიური, ფსიქიკური და ფიზიკური სარგებელი ვირუსის თანმდევ პოტენციურ რისკებს გადაწონის.
"ფიზიკური სწავლების მნიშვნელობა კარგად არის დოკუმენტირებული და ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს 2020 წლის გაზაფხულზე სკოლების დაკეტვის გამოწვეული ნეგატიური შედეგების სტატისტიკა. ხანგრძლივი დროით სკოლაში სიარულის შეწყვეტა და მხარდაჭერის სერვისებთან წვდომის გაქრობა ხშირად სოციალურ იზოლაციას იწვევს. ეს ართულებს როგორც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების ამოცნობასა თუ დროულ ჩარევას, ასევე ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ფიზიკური/სექსუალური ძალადობის და მავნე ნივთიერების მოხმარების, დეპრესიისა და სუიციდური მიდრეკილებების დროულ გამოვლენას", — ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოში სასწავლო პროცესი გუშინ, 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ფოთი, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ქალაქებში საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში სწავლის განახლება პირველი ოქტომბრიდან იგეგმება.
კომენტარები