ბოლო ინფორმაციით, ტიკტოკის მონაცემების მართვას აშშ-ში Oracle უზრუნველყოფს
გავრცელებული, თუმცა ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, ტიკტოკის ღრუბლოვანი ოპერაციების შესრულებას აშშ-ის ტერიტორიაზე კომპანია Oracle უზრუნველყოფს. ცნობების თანახმად, Oracle აქტიურად მონაწილეობდა ტიკტოკის წილებთან დაკავშირებულ ვაჭრობაში. თუმცა, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეძენის ნაცვლად კომპანია პლატფორმის მართვაში "სანდო ტექნოლოგიური პარტნიორის" სტატუსით ჩაერთვება. თანამშრომლობის მსგავსი მოდელი განსხვავდება წილების პირდაპირი ყიდვისგან და შესაძლოა, ტიკტოკს აშშ-ში საკუთარი პლატფორმის გადატანა Oracle-ის ღრუბლოვან პლატფორმაზე მოუწიოს.
ტიკტოკის მფლობელმა კომპანიამ, ByteDance-მა მაიკროსოფტის მიერ წილის შესყიდვის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და ზუსტად ნახევარ საათში ქსელში გაჩნდა ინფორმაცია Oracle-თან თანამშრომლობის შესახებ. როგორც ირკვევა, მაიკროსოფტი სტარტაპის წილების შეძენას აშშ-ის გარდა ავსტრალიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაშიც განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს ByteDance-თან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ეკრძალებოდათ და, ამასთან, პრეზიდენტმა ჩინური სტარტაპისგან წილების ამერიკულ კომპანიებზე მიყიდვა მოითხოვა. ახალი განკარგულება ძალაში ხელმოწერიდან 45 დღეში უნდა შესულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს დრო 90 დღემდე გაიზარდა. განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კომიტეტმა (CFIUS), რომელიც ამერიკული კომპანიების მიერ უცხოურ შენაძენებს უსაფრთხოების რისკებზე ამოწმებს, ეჭვქვეშ დააყენა ByteDance-ის საქმიანობის გამჭვირვალობა.
კომენტარები