ფეისბუქი მუსიკალურ ლაივსტრიმებს დაბლოკავს
თუ თქვენ ხშირად სტრიმავდით ელექტრონულ მუსიკას ფეისბუქის ლაივის საშუალებით, გეცოდინებათ, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სეტში ტრეკები ხშირად იბლოკებოდა. თუმცა ამჯერად უფრო ცუდი ამბავი გვაქვს.
საქმე ისაა, რომ 1 ოქტომბრიდან ფეისბუქზე სოციალური ქსელის სერვისებით სარგებლობის წესები იცვლება. ახალი წესები მნიშვნელოვნად ზღუდავს დიჯეის საქმიანობას პლატფორმაზე — ელექტრონული მუსიკის გასტრიმვა წესების დარღვევად ჩაითვლება, რაც გარკვეულ სასჯელსაც კი ითვალისწინებს.
ახალი წესების შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნებულია აქ. მუსიკალურ კონტენტთან დაკავშირებით ახალ წესებში ვკითხულობთ:
"ფეისბუქის პლატფორმების ფარგლებში თქვენ ვეღარ გამოიყენებთ ჩვენს სერვისებს მუსიკალური გამოცდილების შესაქმნელად. თუ თქვენ მაინც გამოიყენებთ ჩვენს პლატფორმას მუსიკალური კონტენტის გაზიარების მიზნით — მათ შორის, ლაივის მეშვეობით — ვიდეო დაიბლოკება, ხოლო ავტორის პროფილი ან გვერდი, შესაძლოა, წაიშალოს".
ახალი წესი ვრცელდება ფეისბუქის საკუთრებაში არსებულ ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ინსტაგრამზეც.
როგორც ჩანს, თუ თქვენ გადაწყვეტთ მუსიკალური კლიპის ატვირთვას — მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მისი ავტორი თავად თქვენ — ან გააზიარებთ მას ვიდეო ლაივის სახით, ფეისბუქი ამას წესის დარღვევად ჩაგითვლით და, შესაძლოა, სოციალურმა ქსელმა პირადი ანგარიში, გვერდი ან ჯგუფი წაგიშალოთ.
ალტერნატივა
რა უნდა ქნას ხელოვანმა, რომელიც საკუთარ სეტებს ფეისბუქის და ინსტაგრამის მეშვეობით სტრიმავდა?
თუ გსურთ, თქვენი სეტები სრულიად ლეგალურად გაუზიაროთ სხვებს, ამისთვის არსებობს სერვისი Mixcloud Live, რომელსაც დიჯეებისთვის ცალკე განყოფილებაც კი შეემატა. აღნიშნულ სერვისზე თქვენი სტრიმის წაშლის ან დაბლოკვის საფრთხე არ არსებობს. თუმცა აქ სირთულე აუდიტორიის მოზიდვაა. ამასთან ერთად, პლატფორმას სააბონენტო გადასახადიც აქვს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ იუთუბისა და Twitch-ის მაუწყებლობის სერვისებით.
ჯერჯერობოთ უცნობია, რამდენად მკაცრად იქნება ახალი წესები დაცული. თუმცა, ფაქტია, რომ პანდემიის პირობებში, როცა არტისტებს კლუბების ნაცვლად პირდაპირ ეთერში უწევთ საკუთარი სეტების გასტრიმვა, საავტორო უფლებების დაცვის მოტივით ამ ცვლილების გატარება მრავალი ხელოვანის საქმიანობაზე აისახება. ამ წესების გამო მუსიკალურ სფეროში მოღვაწეებს სხვა — შესაძლოა, ფასიანი — ალტერნატივების მოძიება შეიძლება დასჭირდეთ.
კომენტარები