მასტერქარდი უკონტაქტო შოპინგის ხელშეწყობას იწყებს
რადგან ბიზნესს პანდემიის შედეგად სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირება უწევს, მასტერქარდმა ამ ამოცანის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უკონტაქტო შოპინგის ტექნოლოგია წარმოადგინა.
მასტერქარდი, Accel Robotics-თან თანამშრომლობით, უკონტაქტო შოპინგის უზრუნველსაყოფად კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს იყენებს. ეს სერვისი პლატფორმა Shop Anywhere-ზე იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული პლატფორმა, მიღებული ანალიტიკური მონაცემების გამოყენებით, ხელს უწყობს მომხმარებლის მაღაზიაში ყოფნის დროისა და სხვა ადამიანებთან შეხების წერტილების შემცირებას. კომპანიის დაპირებით, ეს გადაწყვეტა სალაროსთან რიგებს აღკვეთს და გადახდებსაც მეტად უსაფრთხოს გახდის.
ტექნოლოგიას ტესტირების რეჟიმში იყენებს რესტორნების ქსელი Dunkin, სადაც მომხმარებლებს ყავისა და დონატების შეძენა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე შეუძლიათ.
ამავე დროს, მასტერქარდი, SounHound-თან და Rekor Systems-თან თანამშრომლობით, ხელოვნურ ინტელექტეზე დაფუძნებულ ე.წ. Drive Through სერვისის შექმნაზე მუშაობს. ჩანაფიქრის მიხედვით, სისტემა ამოიცნობს სატრანსპორტო საშუალებას, მომხმარებლის ხმას და შედეგად, დრაივის წერტილებში შეკვეთებს ადამიანების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი მიიღებს. გარდა ამისა, სისტემას პერსონალიზებული შეთავაზებების გაკეთება შეეძლება, რაც მომხმარებლის შეკვეთების ისტორიას დაეფუძნება.
კომენტარები