ტიკტოკი შემზარავი ვიდეომასალის გავრცელების შეჩერებას ცდილობს
ტიკტოკი საკუთარ პლატფორმაზე ებრძვის შემზარავი ვიდეორგოლის გავრცელებას, რომელზეც, სავარაუდოდ, კაცის თვითმკვლელობაა ასახული და ბლოკავს ყველა ანგარიშს, რომელიც ხელმეორედ ცდილობს ამ ვიდეოს ატვირთვას.
ტიკტოკის განცხადებით, თავდაპირველად ვიდეორგოლი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და მოგვიანებით სხვა ვიდეო აპლიკაციებში გადაინაცვლა. ტიკტოკერები პრევენციის მიზნით სოციალური მედიის მომხმარებლებს აფრთხილებენ ვიდეოს არსებობის შესახებ და მოუწოდებენ, რომ თუ თვალს მოკრავენ კადრს, რომელშიც წვერებიანი კაცი სამუშაო მაგიდის წინ ზის, დაუყოვნებლივ გადავიდნენ შემდეგ ვიდეოზე. სხვა ტიკტოკერების განცხადებით კი, ვიდეოს ყველაზე შემაძრწუნებელი ნაწილი ერთი შეხედვით უწყინარი კადრების შემდეგ მოულოდნელად ჩნდება. სოციალური ქსელის წარმომადგენელმა The Verge-ს დაუდასტურა, რომ "სუიციდის ამსახველი ვიდეომასალა" ტიკტოკზე კვირას საღამოს გამოჩნდა.
"ჩვენი სისტემა ავტომატურად ადგენს ვიდეოებს, რომლებიც სუიციდის პროპაგანდას, განდიდებას ან ამგვარი აქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას ემსახურება და ბლოკავს მათ", — აღნიშნავს ტიკტოკის წარმომადგენელი, — "ჩვენ ვბლოკავთ ანგარიშებს, რომლებმაც არაერთხელ სცადეს მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების ატვირთვა და მადლობას ვუხდით ტიკტოკის მომხმარებლებს, რომლებმაც შეგვატყობინეს მსგავსი ფაქტის შესახებ და ამით დაიცვეს სხვები, რათა ეს ვიდეომასალა ფართოდ არ გავრცელებულიყო...".
მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლები ადრე სხვა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და რედიტზეც შეუმჩნევიათ. ვინაიდან ტიკტოკზე ყველა ვიდეო "რეკომენდაციების" უსასრულო ზოლშია გაერთიანებული, კონტენტის კონტროლი რთულდება.
"თუკი ვინმე ჩვენს საზოგადოებაში ებრძვის ფიქრებს თვითმკვლელობის შესახებ ან იცნობს ასეთ ადამიანს, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ეძიონ მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ ტიკტოკის მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციიდან და უსაფრთხოების ცენტრის განყოფილებიდან ვაძლევთ ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობას", — წერს ტიკტოკის წარმომადგენელი.
კომენტარები