შავი ხვრელი ჩვენი კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენია. ასეთ "გრავიტაციულ მახეებს" უზარმაზარი სიმკვირვე აქვთ და მათ მიზიდულობის ძალას სინათლეც კი ვერ გაურბის. განსაკუთრებით საინტერესო შავი ხვრელების ერთმანეთთან ურთიერთქმედებაა.

ასტრონომების გუნდი აცხადებს, რომ ისინი უზარმაზარი შავი ხვრელების შერწყმას შეესწრნენ. ორი შავი ხვრელიდან ერთ-ერთს 85 მზის მასა ჰქონდა. ერთად მათ ახალი შავი ხვრელი წარმოქმნეს, რომელსაც 150 მზის მასა აქვს. ამის შედეგად კი ძალიან დიდი რაოდენობის ენერგია გრავიტაციული ტალღების სახით გამოიტყორცნა.

"ამ აღმოჩენაში ყველაფერი გასაოცარია", — ამბობს ლეიდენის უნვიერსიტეტის ასტროფიზიკოსი პორტეგიეს ცვარტი.

ეს კოლოსალური მოვლენა დედამიწიდან დაახლოებით 7 მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა. გამოტყორცნილი გრავიტაციული ტალღები აშშ-ისა და იტალიის მკვლევრებმა დააფიქსირეს.

მიგნების გაკეთება შესაძლებელი გრავიტაციული ტალღების დეტექტორით გახდა. ეს შედარებით ახალი ტექნიკაა, რომელმაც მეცნიერებს არაერთი შავი ხვრელის შეტაკების დაფიქსირების საშუალება მისცა.

აღმოჩენა გასაოცარი კიდევ იმიტომაა, რომ 65-დან 135 მზის მასის შავი ხვრელები წესით არ უნდა არსებობდნენ, რადგან თეორიულად როცა შავი ხვრელი ამ მასას აღწევს, ის არამდგრადი ხდება და იშლება.

ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, შესაძლოა, რომ ორი გიგანტური შავი ხვრელი, მანამდე პატარა შავი ხვრელების შეერთებით წარმოიქმნა. თუმცა, ზუსტად რა მოხდა არავინ იცის.

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების დეტექტორის (LIGO) შესაძლებლობებზე მიანიშნებს.